ივანე მაჭავარიანი - აზერბაიჯანთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება ნომერ პირველი პრიორიტეტია  
ივანე მაჭავარიანი - აზერბაიჯანთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება ნომერ პირველი პრიორიტეტია  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკური კუთხით მთავარი განსახილველი თემა საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომელიც მამუკა ბახტაძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობს.

მაჭავარიანის შეფასებით, ვიზიტი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. მას უკვე ჰქონდა შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან.

„მთავარი საკითხი, რაც დღის წესრიგშია ეკონომიკური ბლოკის ნაწილში, ეს არის ვაჭრობის გაღრმავება. ისედაც ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორები ვართ, როდესაც საგარეო ვაჭრობას ეხება საქმე, მაგრამ გვსურს, კიდევ უფრო გავაღრმაოთ. გვინდა, თანაბარი თამაშის წესები დავამკვიდროთ ორივე მხარეს, რომ არ იყოს შეზღუდვები რამე ტიპის პროდუქციაზე. თუ სადმე არის დისბალანსი, გავასწოროთ და მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენს შორის სავაჭრო ურთიერთობები. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, გარდა ამისა, განიხილება სხვა ბევრი საკითხი და დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა.

„ორი ძალიან მსხვილი პროექტი უკვე განხორციელდა, ეს იყო ჯერ  ნავთობსადენი, შემდგომში კი, რკინიგზა, რაშიც  პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სერიოზულად იყო ჩართული თავის დროზე“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, წინსვლაა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მხრივაც და  ტურიზმის კუთხით აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ჩვენი აქტიური პარტნიორი ქვეყანაა.

„თუმცა ჩემი, როგორც ფინანსთა მინისტრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა სავაჭრო ურთიერთობები და იმ დისბალანსის გასწორება, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს. მაგალითად,  სასმელებზე არის განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი და პირველადი მოხმარების საგნებზე“, – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

გაფართოებულ შეხვედრას აზერბაიჯანის მხრიდან საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ფინანსთა მინისტრები და პრეზიდენტის მრჩეველი ესწრებიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.