ირმა ინაშვილი ინიციატივით გამოდის, პარტიებს მაუწყებლებისგან რეკლამის დამზადებისა და გავრცელების შესყიდვის უფლება წინასაარჩევნო პერიოდამდეც მიეცეთ
ირმა ინაშვილი ინიციატივით გამოდის, პარტიებს მაუწყებლებისგან რეკლამის დამზადებისა და გავრცელების შესყიდვის უფლება წინასაარჩევნო პერიოდამდეც მიეცეთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ინიციატივით გამოდის, პოლიტიკურ პარტიებს არაწინასაარჩევნო პერიოდში უფლება ჰქონდეთ, მაუწყებლებისგან პოლიტიკური შინაარსის რეკლამის დამზადებისა და გავრცელების მომსახურება შეისყიდონ.

ირმა ინაშვილმა შესაბამისი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში უკვე მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება.

ცვლილებების ავტორი განმარტავს, რომ კანონპროექტის მომზადება დღეს მოქმედმა რეგულაციამ განაპირობა, რომლის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიას არაწინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ეკრძალება, რაც მათი იდეების, წამოწყებებისა და საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას ზღუდავს.

„კანონპროექტის ამოქმედება საქართველოში რეგისტრირებულ 200-მდე პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობას მისცემს, არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა განათავსოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, ათამდე საერთო ეროვნულ და სხვა ათეულობით კერძო მაუწყებელზე, მათ შორის, რეგიონულ მაუწყებლებზე, რაც ზეგავლენას მოახდენს მათ და შესაბამისად,  საბიუჯეტო შემოსავლებზე“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.