გრიგოლ ვაშაძე - ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ
გრიგოლ ვაშაძე - ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ

ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.

მან არჩევნებს ხელისუფლების მიერ ორაგნიზებული კრიმინალური  ფარსი უწოდა.

„ჩვენ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ გვქონია. ჩვენ გვქონია კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული,  ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი. ზუსტად ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ, საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც არ იტყვიან, რომ პრეზიდენტის სასახლე არის, ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არა გვაქვს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური გარემო, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საფუძველი, ჰყავდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„საქართველოში მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური გარემო, ჩვენ ავიღეთ 800 000 ხმაზე მეტი. პოლიტიკური გარემო ისე არის შეცვლილი, რომ არავითარი მორალური და პოლიტიკური საფუძველი „ქურდულ ოცნებას“ ჰქონდეს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამეტში აღარ ჰქონდა და მით უმეტეს, აღარ აქვს დღეს. ზუსტად ამიტომ, ეუთო-მ და „ენ დი აი“-მ დადო ისეთი მკაცრი შეფასება ამ კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული ფარსის, რომელიც საქართველოს არ უნახავს ჯერ, 2003 წელსაც კი არ იყო ასეთი მკაცრი დასკვნები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.