გრიგოლ ვაშაძე - გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს
გრიგოლ ვაშაძე - გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს

გაერთიანებული ოპოზიცია  ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.

„გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მოვითხოვთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ან  პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით; საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთელი ექსპერტების მიერ. მოვითხოვთ, რომ „ქურდული ოცნების“ მიერ გაგონებულ იქნეს ხალხის ხმა“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, როგორც  ვაშაძემ აღნიშნა, ყოველთვის ამაყობდა, რომ არის ქართველი.

„ყოველთვის ვამაყობდი, რომ ვარ ქართველი. შეუძლიათ, ყველაფერი  წაგვართავნ, მაგრამ ვერ წაგვართმევენ ჩვენ მშობლიურ ენას, რომელზეც ვერ მეტყველებენ, ვერ წაგვართმევენ თავისუფლებას და  ღირსებას, იმიტომ, რომ სულგანათლებული ზვიადის სიტყვებით, „ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, მისი თქმით, კვირას თბილისში,  რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია მშვიდობიან მანიფესტაციას გამართავს.

„იმისთვის, რომ „ქურდულ ოცნებას“ კარგად გავაგებინოთ ხალხის ხმა, კვირას ჩვენ გვექნება რუსთაველის პროსპექტზე უზარმაზარი მშვიდობიანი მანიფესტაცია. და რაც მთავარია, ჩვენ ვიყავით, ვართ და დავრჩებით ყოველთვის საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში. ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელიც აჩვენებს ამ ე.წ. ხელისუფლებას, რა არის ნამდვილი ევროპელი, რა არის ნამდვილი ქართველი, წყნარად, მშვიდად“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ, ფილარმონიაში სიტყვით გამოსვლისას.