ეკა ნასყიდაშვილი - მედიაფორუმი მეოთხე წელია, იმართება და საინტერესოა, წელს რატომ გააპროტესტეს
ეკა ნასყიდაშვილი - მედიაფორუმი მეოთხე წელია, იმართება და საინტერესოა, წელს რატომ გააპროტესტეს

გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ წარმომადგენელი ეკა ნასყიდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით ფორუმი უკვე მეოთხე წელია,  იმართება და საინტერესოა, წელს რატომ გააპროტესტეს.

გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილეა.

მისი თქმით, ღონისძიების მონაწილეები მეოთხე წელია ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და კულტურულ ურთიერთობებს განიხილავენ.

„ძალიან სასაცილოა ეს პროტესტი, რადგან აქ საგანგაშო არაფერია. ძალიან საინტერესოა, წელს რატომ ხდება ეს, როცა უკვე მეოთხე წელია ასეთი ფორუმი იმართება. აქ არიან ჟურნალისტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან და გაოგნებული უყურებენ ამ სიტუაციას. უკვე მეოთხე წელიწადია მხოლოდ კულტურულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, სხვა სალაპარაკო თემა არ გვაქვს. ჩვენ ერთმანეთში გამოცდილებას ვცვლით. შეგიძლიათ დაესწროთ ფორუმს თავიდან ბოლომდე და ნახავთ, რომ აქ არანაირი პოლიტიკური განცხადებები არ კეთდება და არავის აინტერესებს, რა ხდება ქართულ-რუსულ ურთიერთობებში“, – განუცხადა ეკა ნასყიდაშვილმა ჟურნალისტებს.

სასტუმრო „ვერე პალასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებისა და სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლები აქცია-პერფორმანსს მართავენ. ისინი რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მედიაფორუმის საქართველოში გამართვას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ღონისძიება რუსული პროპაგანდის გატარებას ემსახურება.

ღონისძიება რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ ფინანსდება. ფორუმში სახელწოდებით – „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში“ მონაწილეობენ ჟურნალისტები და ბლოგერები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.

დელეგაციის სამი წევრი, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, გუშინ საქართველოში არ შემოუშვეს.