დავით უსუფაშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად პრეზიდენტის ცალმხრივი მცდელობა არაფრის მომტანია
დავით უსუფაშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად პრეზიდენტის ცალმხრივი მცდელობა არაფრის მომტანია

„შენების მოძრაობის“ ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ლეგიტიმაციის მქონე პროფესიონალის არჩევის მიმართულებით პრეზიდენტის ცალმხრივი მცდელობა არაფრის მომტანია და აუცილებელია მმართველი პარტიის მონდომება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ხუთწლიანი „ცივი ომის“ უკანასკნელ დღეებში მაინც უნდა შეძლონ ერთობლივი სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ლეგიტიმაციის მქონე პროფესიონალის არჩევა.

„ამ მიმართულებით პრეზიდენტის ცალმხრივი მცდელობა არაფრის მომტანია. აუცილებელია მმართველი პარტიის მონდომებაც, რასაც მხოლოდ მისი თავმჯდომარის მონდომება განაპირობებს. ამიტომ, თუ საჭიროა, მარგველაშვილმა უნდა გაიხსენოს ივანიშვილის ტელეფონის ნომერი და, თუ საჭიროა, ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს დასვენება პროცესის ხელშესაწყობად.

რა ჩემი საქმეა, რა უნდა ქნან მარგველაშვილმა და ივანიშვილმა? ეს ყველას საქმეა და ჩემი საქმეცაა! მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების გზაზე დაყენების შანსის გამოსაყენებლად უმაღლესი სახელმწიფო ძალაუფლებით აღჭურვილი პირებისგან, დიახაც, მოვითხოვთ უმაღლეს პასუხისმგებლობას, ნებისყოფას და გამჭრიახობას“, – ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი განმარტავს, საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე, 2018 წლის ნოემბრამდე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პროფესიონალთა ფართო წრიდან შეარჩევს პრეზიდენტი და მისი წარდგინებით აირჩევს პარლამენტის უმრავლესობა. ცვლილებების ძალაში შესვლის, 2018 წლის ნოემბრის შემდეგ, სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოქმედი წევრებიდან შეარჩევს იუსტიციის საბჭო და მისი წარდგინებით აირჩევს პარლამენტის უმრავლესობა.

„საზოგადოების უდიდესი ნაწილის აღქმით, ერთი და იგივე „კარგი“ იურისტი თუ არსებული წესით შეირჩა ამ თანამდებობზე, იგი საქმეს შეუდგება, როგორც „ძალიან კარგი“ თავმჯდომარე; ხოლო თუ მოგვიანებით, ახალი წესით შეირჩა,  საქმეს დაიწყებს, როგორც „ცუდი“ თავმჯდომარე. გასაგებია, რატომ – პირველ შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარის ლეგიტიმაცია ერთმანეთისგან პოლიტიკურად გამიჯნულ ორ ინსტიტუტს დაეფუძნება, ხოლო მეორე შემთხვევაში, იგი მმართველი გუნდის ფავორიტის მანტიაში გაეხვევა.

ამიტომ, მიმავალი პრეზიდენტის და მისი „მიმავალი“ კომპეტენციის გამოყენებით სწორედაც რომ მმართველი პარტია უნდა იყოს დაინტერესებული“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა  მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციების შეჯამების მიზნით კი, რამდენიმე დღის წინ, სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, რომ დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.