ჭუბერში თავდაცვის სამინისტრომ პანელური სამხედრო ხიდი ჩაიტანა [ფოტო/ვიდეო]

ჭუბერში თავდაცვის სამინისტრომ პანელური სამხედრო ხიდი ჩაიტანა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ავტომანქანა, რაზეც სპეციალიზებული ხიდია განთავსებული, ჭუბერის შესასვლელშია. როგორც ადგილზე აცხადებენ, ხიდის აწყობას სამი-ოთხი დღე დასჭირდება.ხიდის მონტაჟს თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები განახორციელებენ.

სპეციალიზებული ხიდის გამოყოფის თხოვნით თავდაცვის მინისტრს საგანგებო შტაბმა მიმართა.

ამასთან, ჭუბერში საქართველოს სამხედრო ძალებისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები და ათამდე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.