არჩილ თალაკვაძე - საქართველო კვლავ მსოფლიოსა და დასავლეთის ყურადღების ცენტრშია
არჩილ თალაკვაძე - საქართველო კვლავ მსოფლიოსა და დასავლეთის ყურადღების ცენტრშია

საქართველო კვლავ მსოფლიოსა და დასავლეთის ყურადღების ცენტრშია. ამის კიდევ ერთი დასტურია დღეს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მაღალი დონის პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები მონაწილეობენ აშშ-იდან, ასევე, წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან,  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენციის „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გახსნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოსთვის აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ წინა პლანზე წამოწიოს მნიშვნელოვანი თემები და საკითხები, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის საკითხები. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სისტემის მდგრადობა და დემოკრატიული განვითარება, საქართველოს ეკონომიკა, რომელიც ამ მომენტისთვის ყველაზე სწრაფად იზრდება. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და ჩვენ გვჭირდება ძალიან დასავლეთის მხრიდან აქტიური მხარდაჭერა, რომ რეფორმები გავაგრძელოთ და ამ მოცემულობაში, ჩვენი შესაძლებლობების ყველაზე კარგი რეალიზაცია მივიღოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება განსხვავებული მოსაზრებები, განსხვავებული პოზიციები და არგუმენტები, რომელიც განიხილება და შეჯერდება.

„ოპოზიციას მიეცემა შესაძლებლობა, რომ თავისი პოზიციებიც დააფიქსიროს. ჩვენ თანამშრომლობისთვის გახსნილი ვართ. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი და მტკიცეა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო რეგიონში უსაფრთხოების, დემოკრატიის და პროგრესის საყრდენ წერტილად დარჩეს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.