„ლივერპულის“ გულშემატკივართა მუქარის გამო, პიკფორდმა პირადი მცველები აიყვანა
„ევერტონისა“ და „ლივერპულის“ მატჩში მომხდარი ეპიზოდი მეკარე ჯორდან პიკფორდსა და მცველ ვირჯილ ვან დეიკს შორის კვლავაც აქტუალურია. შეგახსენებთ, რომ პიკფორდი უხეშად ჩაუვარდა ფეხებში ნიდერლანდელს, რის შედეგადაც, „ლივერპულის“ მცველმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და, სავარაუდოდ, მთელს სეზონს გამოტოვებს.
საფეხბურთო ასოციაციამ გაამართლა პიკფორდი, რომელსაც უხეში თამაშისთვის არა თუ დისკვალიფიკაცია, ყვითელი ბარათიც კი არ მიუღია, რამაც სოციალურ ქსელებში „ლივერპულის“ გულშემატკივართა მრისხანება გამოიწვია. უმეტესობამ „ევერტონის“ მეკარეს წყევლა გაუგზავნა, ზოგიერთი შეტყობინება კი მართლაც რადიკალური ხასიათის იყო – პიკფორდს მოკვლით დაემუქრნენ.
ამის გამო, გოლკიპერი საგანგებო ზომებზე წავიდა და პირადი მცველები დაიქირავა – ისინი მორიგეობენ ფეხბურთელის სახლთან, რომელშიც პიკფორდი ცოლთან და ერთი წლის შვილთან ერთად ცხოვრობს.
„პიკფორდმა საკუთარი სახლის გარშემო რკინის წრე შემოავლო – ის “ლივერპულის” ფანების სამიზნე გახდა. ჯორდანი შოკირებულია იმ სისასტიკით, რაც მატჩის შემდეგ მოისმინა და წაიკითხა. მას უნდა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მისი ოჯახი უსაფრთოდ გრძნობდეს თავს“, – დაწერა „დეილი მეილმა“.
26 წლის ჯორდან პიკფორდი „ევერტონში“ 2017 წლიდან თამაშობს. სწორედ იმ პერიოდიდან იწვევენ მას ინგლისის ნაკრებში.