ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური 80 ქულა ვერც ერთმა აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა
ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური 80 ქულა ვერც ერთმა აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა

ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური 80 ქულის მოპოვება ვერც ერთმა აბიტურიენტმა მოახერხა.

ამის შესახებ პირველ არხს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ განუცხადა.

„ლიტერატურის გამოცდას წელს 3000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. მათმა დაახლოებით 90-მა პროცენტმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ხოლო დაახლოებით 10% ჩაიჭრა. მაქსიმალური 80 ქულა არავის მიუღია. ამ საგანში ყველაზე მაღალი 77 ქულა დაიწერა. წელს მიღებული შედეგები დაახლოებით ისეთივეა, როგორც წინა წლებში. ზოგადად ყველა გამოცდის შედეგი მეტ-ნაკლებად წინა წლის ანალოგურია და რაიმე გამორჩეულ განსაკუთრებულ შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს საქმე”, – განაცხადა ივა მინდაძემ.

ლიტერატურის გამოცდის შედეგების გამოქვეყნებით, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წინასწარი შედეგების გამოქვეყნების ნაწილი დაასრულა. ხვალიდან კი აპელაციის პერიოდი იწყება, რომელიც 15 აგვისტოს 18:00 -მდე გაგრძელდება.

„ახლა იწყება აპელაციის პერიოდი და აბიტურიენტებს ონლაინ რეჟიმით შეუძლიათ აპელაციის გაკეთება. აპელაცია უფასო არ არის, მაგრამ თუ ქულა შეიცვლება, მაშინ მათ თანხა უკანვე დაუბრუნდებათ. აპელაციის შემდეგ ცნობილი გახდება საბოლოო შედეგები, ვინ მოიპოვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება, ვინ და რა ოდენობის გრანტის მოპოვება შეძლო. ამ ყველაფრის გამოცხადების თარიღი დამოკიდებულია სააპელაციო განცხადებების რაოდენობაზე, თუმცა სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოსკენ გვეცოდინება“, – განაცხადა ივა მინდაძემ.

ამასთან, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აბიტურიენტებს ახსენებს, რომ უმაღლესების სიის ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის დრო იწურება.

„იმ აბუტურიენტებს, ვისაც უმაღლესი სასწავლებლების სიაში ცვლილებების შეტანა სურთ, რამდენიმე დღე კიდევ რჩებათ, 15-აგვისტომდე, მაგრამ ეს დროც იწურება. მათ, ვისაც სურვილი აქვს სიაში საგანმანათლებლო პროგრამები დაამატონ, წაშალონ ან ჩამონათვალს რიგითობა შეუცვალონ, ეს ცვლილებები დროზე განახორციელონ და არ დაავიწყდეთ შენახვის ღილაკზე დაჭერა. ამის შემდეგ კი აუცილებლად გადაამოწმონ და დარწმუნდნენ, რომ ყველა მათთვის სასურველი ცვლილება ისეა შენახული, როგორც სურთ”, – განაცხადა მინდაძემ.