ლიპარტელიანი ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია, სომხიშვილი და ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ხუთი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც სამს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

ტურნირზე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ). ქართველმა ნახევარფინალში შებოჭვით ნაკლებად ცნობილი იაპონელი უეოკა დაამარცხა და ფინალში ავსტრიელ ფარას დაუპირისპირდება.

მეორე ქართველი ნახევარფინალისტი, მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი ჩინელ ჩიან ჰუსთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის თურქ ოზთურქს შეხვდება. შეჯიბრზე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს გელა ზაალიშვილი (+100).

გრანდ სლემზე დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ძიუდოისტი – ონისე სანებლიძე (100 კგ) და უშანგი მარგიანი (90 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტაშკენტის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება.