ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მასტერსის ტურნირის დასკვნით დღეს სამმა ქართველმა ძიუდოისტმა მედლის მოპოვება შეძლო.
100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმხან კოცოევს სძლია და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ცოტა ხნით ადრე კი 90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ფინალში ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამავე წონაში მთელი ტურნირის განმავლობაში შესანიშნავად იჭიდავა ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა და მან ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
სამწუხაროდ, დღეს დოჰას მასტერსზე გამომსვლელი სამივე მძიმეწონოსანი ძიუდოისტი – გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი ასპარეზობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა. ამ უკანასკნელმა საკუთარი მეორე წრის შეხვედრა ლეგენდარულ ტედი რინერთან დათმო.
დაუმარცხებელი ფრანგი კი მძიმეწონოსანთა ფინალში რუს ინალ ტასოევს შეხვდება.
საერთო ჯამში ტურნირზე ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია. გუნდურ ასპარეზობაში კი მამაკაცთა შორის ჩვენმა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 81 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვება ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილმა შეძლო, ხოლო ტურნირის პირველ დღეს 66 კგ-ში ბრინჯაოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი გახდა.