ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის პირველი კონტრაქტი, რომელზეც მან ხელი 2000 წელს ხელსახოცზე მოაწერა, აუქციონზე გაიტანეს.
როგორც სააგენტო AP იტყობინება, კონტრაქტი 965 ათას დოლარად გაიყიდა. აუქციონი გაიმართა მესის არგენტინელი აგენტის, ჰორაციო გაჯოლის სახელით, რომელიც მონაწილეობდა გარიგებაში. ლოტის სასტარტო ფასი 350 ათას დოლარს შეადგენდა.
ნორჩი ლიონელ მესი „ბარსელონაში“ შეამჩნიეს და 2000 წლის სექტემბერში ორკვირიანი გამოსაცდელი ვადა შესთავაზეს. 17 სექტემბერს მომავალი ვარსკვლავი მამასთან ერთად ჩავიდა ბარსელონაში. ისინი ორი კვირის განმავლობაში ელოდნენ სპორტულ დირექტორთან კარლეს რექსაჩთან შეხვედრას, რომელიც ავსტრალიაში მივლინებით იმყოფებოდა.
როცა რექსაჩმა პატარა მესი საქმეში იხილა, მაშინვე მოინდომა მისი გაფორმება, მაგრამ „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭო ორჭოფობდა, რადგან იმ დროს ევროპული კლუბებისთვის უჩვეულო იყო ასეთი ადრეული ასაკის უცხოელი ფეხბურთელების გაფორმება. 14 დეკემბერს „ბარსელონა“ არჩევანის წინაშე დადგა – უნდა აეყვანა ან უნდა გაეშვა მესი.
რექსაჩმა დაიყოლია „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა, რომ დაეფინანსებინა ფეხბურთელის ოჯახის ბარსელონაში გადასვლა და მისი მკურნალობა, რომელიც საკმაოდ ძვირი იყო. იმის გამო, რომ ხელთ ქაღალდი არ ჰქონდა, რექსაჩმა კონტრაქტი ხელსახოცზე გააფორმა.