ლიონელ მესი MLS-ის ყველაზე ღირებული მოთამაშის პრიზზეა ნომინირებული - არგენტინელმა ლიგაში 4 მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
„მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) პრესსამსახურმა დაასახელა ნომინანტები სეზონის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) პრიზზე. პრეტენდენტთა სიაში მოხვდა „ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლიონელ მესი. ის აგრეთვე წარდგენილია წლის საუკეთესო ახალწვეულის ნომინაციაში.
არგენტინელმა, რომელიც 15 ივლისს გადავიდა MLS-ში, რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ ოთხი მატჩი (247 წუთი) ითამაშა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ეს უცნაური ამბავი იმით აიხსნება, რომ MLS-ის თითოეულ კლუბს აქვს უფლება, წარადგინოს ორი მოთამაშე სეზონურ პრემიებზე. „ინტერ მაიამიში“ გადაწყვიტეს, რომ კლუბის ღირსეული წარმომადგენლები იქნებიან ლიონელ მესი და სერხიო ბუსკეტსი.