ლიონელ მესი მეოთხედ გახდა ფიფა-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი #1TVSPORT
ლონდონში გაიმართა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) დაჯილდოების ცერემონია – The Best. საუკეთესოები გამოვლინდნენ 11 ნომინაციაში. ლაურეატები ირჩეოდნენ 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 20 აგვისტომდე ნაჩვენები შედეგების მიხედვით.
პირველი ნომინაცია იყო წლის მწვრთნელი მამაკაცებს შორის. გამარჯვება მოიპოვა „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ, რომელმაც აჯობა სომინე ინძაგის (ინტერი) და ლუჩანო სპალეტის (ნაპოლი/იტალიის ნაკრები).
ამის შემდეგ გამოცხადდა ფიფა-ს ვერსიით წლის სიმბოლური ნაკრები კაცებს შორის:
მეკარე – ტიბო კურტუა (რეალი)
მცველები – კაილ უოკერი, ჯონ სტოუნზი, რუბენ დიაში (ყველა – მანჩესტერ სიტი)
ნახევარმცველები – ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი/რეალი), კევინ დე ბრუინი, ბერნარდო სილვა (ორივე – მანჩესტერ სიტი)
ფორვარდები – ვინისიუს ჟუნიორი (რეალი), ლიონელ მესი (პსჟ/ინტერ მაიამი), ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი), კილიან მბაპე (პსჟ).
* * *
ქალთა შორის საუკეთესო მწვრთნელი გახდა ინგლისის ნაკრების დამრიგებელი სარინა ვიგმანი. მან ეს პრიზი მეოთხედ მოიპოვა. ვიგმანმა ამ ნომინაციაში უკან ჩამოიტოვა „ჩელსისა“ და „ბარსელონას“ მწვრთნელები – ჯონათან ხირალდესი და ემა ჰეიესი.
დადგა ქალთა წლის სიმბოლური ნაკრების ჯერი, რომელშიც ინგლისის ნაკრების შვიდი წევრი მოხვდა:
მეკარე – მერი ირპსი (მანჩესტერ იუნ)
მცველები – ოლგა კარმონა (რეალი), ლუსი ბრონზი (ბარსელონა), ალექს გრინვუდი (მანჩესტერ სიტი)
ნახევარმცველები – კირა უელში (მანჩესტერ სიტი/ბარსელონა), ალესია რუსო (არსენალი), ლორენ ჯეიმსი (ჩელსი), ელა ტუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), აიტანა ბონმატი (ბარსელონა)
ფორვარდები – ალექს მორგანი (სან დიეგო), სემ კერი (ჩელსი).
* * *
ამის შემდეგ გამოაცხადეს წლის საუკეთესო მეკარეები.
ქალებს შორის გამარჯვებული გახდა ინგლისელი მერი ირპსი. მისი კონკურენტები იყვნენ ესპანელი კატა კოლი და ავსტრალიელი მაკენზი არნოლდი.
კაცებში წლის საუკეთესო მეკარის პრიზი მოიპოვა „მანჩესტერ სიტის“ კარის დარაჯმა ედერსონმა. მან გაუსწრო ტიბო კურტუას (რეალი) და იასინ ბუნუს (ალ-ჰილალი).
* * *
ფიფა-ს ფეარ პლეის პრიზი მიიღო ბრაზილიის ნაკრებმა, რომელმაც ერთ-ერთ მატჩში სრულიად შავი ფორმა ჩაიცვა ვინისიუსის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რომელიც რასიზმის მსხვერპლი გახდა ლა ლიგის მატჩში.
წლის საუკეთესო გოლისთვის განკუთვნილი პუშკაშის პრემია ბრაზილიელ გილერმე მადრუგას ერგო, რომელმაც მაკრატელა გაიტანა ბრაზილიის სერია B-ს მატჩში „ნოვორიზონტინოსა“ და „ბოტაფოგოს“ მატჩში.
* * *
ბოლოსწინა ნომინაციაში – წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – გაიმარჯვა ლიონელ მესიმ. არგენტინელმა მოულოდნელად გაუსწრო გასულ სეზონში ტრებლის მომგებს, ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირს, „ოქროს ბუცის“ მფლობელს, ერლინგ ჰალანდსა და კილიან მბაპეს. მესი ამ პრიზის მფლობელი მეოთხედ გახდა.
როგორც გაირკვა, მესიმ და ჰალანდმა ქულების თანაბარი რაოდენობა მიიღეს და არგენტინელი გამარჯვებული გახდა ეროვნული გუნდების კაპიტნების მხრიდან უფრო ხმის წყალობით.
ბოლო ნომინაციაში გამოვლინდა წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი. ის გახდა ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი აიტანა ბონმატი. მისი კონკურენტები იყვნენ ესპანელი ჯენიფერ ერმოსო და კოლუმბიელი ლინდა კაისედო.