ლიონელ მესი - ფეხბურთელებს ფული მართავს და არა კლუბის ღირსებისთვის ბრძოლა
ლიონელ მესი - ფეხბურთელებს ფული მართავს და არა კლუბის ღირსებისთვის ბრძოლა

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ Mundo Deportivo-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თანამედროვე ფეხბურთელებისთვის ფინანსები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა.

„ვფიქრობ, მოვიდა დრო – ისევ მოვიგო ჩემპიონთა ლიგა. ბოლო სამი წლის განმავლობაში არადამაჯერებლად გამოვდიოდით, გასული ტურნირი კი ყველაზე ცუდი იყო ჩვენთვის. როგორც გუნდს ამ ტიტულისკენ უნდა გვქონდეს მიმართული მთელი კონცენტრაცია. შთამბეჭდავი შემადგენლობა გვყავს და გვაქვს შესაძლებლობა, ეს გავაკეთოთ.

არსებობენ გუნდები დიდი ბიუჯეტით. ისინი ამაზე აკეთებენ აქცენტს და ეს ხშირად განსაზღვრავს თანამედროვე ფეხბურთელთა აზროვნებას. დღეს ფეხბურთელებს ფული მართავს და არა კლუბის ღირსებისთვის ბრძოლის სურვილი. ფინანსები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გუნდთან ერთად მიზნის მიღწევა.

ბარსელონაში ყველაფერი მაქვს, ამ ქალაქში 13 წელია ვცხოვრობ. გავატარე ცხოვრება მსოფლიოს საუკეთესო გუნდში და შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო ქალაქში. ჩემი შვილები კატალონიაში დაიბადნენ. არ მგონია, კიდევ რაიმე მჭირდებოდეს“, – განაცხადა მესიმ.