ლიონელ მესი - ერთადერთი არგენტინელი ვარ, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ კლუბმა სათანადოდ არ დააფასა #1TVSPORT
ლიონელ მესი - ერთადერთი არგენტინელი ვარ, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ კლუბმა სათანადოდ არ დააფასა #1TVSPORT

მიმდინარე წლის ზაფხულში ლიონელ მესიმ „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვა და სათამაშოდ აშშ-ში, MLS-ში გადავიდა. ახლა ის „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავს და როგორც აცხადებს, თავს ბედნიერად გრძნობს.

OLGA-სთვის მიცემულ ინტერვიუში არგენტინელმა აღნიშნა, რომ ხშირად „პარი სენ-ჟერმენის“ სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა მას უსტვენდა.

მესიმ ასევე ისაუბრა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მომხდარ ამბებზეც. მისი თქმით, ის იყო ერთადერთი არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც ტიტულის მოპოვების შემდეგ კლუბმა სათანადოდ არ დააფასა, თუმცა, მესის აზრით, ამის განმაპირობებელი მიზეზი ისიც შეიძლება იყო, რომ ფინალში არგენტინამ საფრანგეთს მოუგო.

„ახლა თავს თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობ. სიმართლეა, რომ ასაკში ვარ და რაღაცები შეიცვალა, თუმცა ყოველთვის მინდა, გამარჯვებისთვის ვიბრძოლო.

„ბარსელონიდან“ წასვლის შემდეგ პარიზში ისეთი სიტუაცია არ დამხვდა, როგორსაც შეჩვეული ვიყავი. პრობლემები იყო, ხშირად სტვენა, მსოფლიო ჩემპიონობამ კი ჩემს კარიერაში რაღაცები დადებითად შეცვალა. „პარი სენ-ჟერმენში“ თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა კლუბმა მუნდიალის მოგების შემდეგ სათანადოდ არ დამაფასა და მე ვიყავი ერთადერთი არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც კლუბში მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა“, – განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ იუარა, მესის სტადიონზე შეკრებილი პუბლიკისთვის მსოფლიო თასი წარედგინა.

აშშ-ში მსოფლიოს 7-გზის საუკეთესო ფეხბურთელმა უკვე მოიგო ერთი ტიტული. „ინტერ მაიამის“ რიგებში ის ლიგების თასს დაეუფლა და ტურნირის უძვირფასეს მოთამაშედაც დაასახელეს.