ლიონელ მესი – ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ვისურვებდი, მთელი ცხოვრება არგენტინის ნაკრებში ვყოფილიყავი #1TVSPORT

09:03, 07.10.2026

ლიონელ მესი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს გამოეთხოვა. ბენინის წინააღმდეგ თავისი გუნდის მაისურით ჩატარებულ ბოლო შეხვედრაში, ბუენოს აირესში, „მონუმენტალზე“ მან გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის შემდეგ მესი გულშემატკივრებს ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა:

„სხვა არაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ ამ მაისურს მადლობა გადავუხადო. 20 წლის განმავლობაში, ყველაზე ცუდ მომენტებშიც კი, არასდროს შემიწყვეტია ბრძოლა, წინსვლა. არასდროს დამიკარგავს აქ ყოფნის სურვილი.

არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად აღარ ყოფნა ძალიან მატკენს გულს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ვისურვებდი, მთელი ცხოვრება აქ ვყოფილიყავი, რადგან არგენტინისთვის თამაშზე ლამაზი არაფერია.

ვფიქრობ, დღეს იმაზე მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე ოდესმე, რადგან უბრალოდ არ მინდა, რომ ეს მომენტი დასრულდეს.

მაგრამ დრო მოვიდა, რომ კარიერა დავასრულო. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატმა, ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარეთ, დიდი ენერგია წაგვართვა. ფინალამდე ძალების ბოლო მარაგით მივედით, ბოლომდე ვიბრძოლეთ, როგორც ყოველთვის ვაკეთებდით ხოლმე.

ძალიან ახლოს ვიყავით კიდევ ერთხელ მოგებასთან და მიუხედავად იმისა, რაც ჩვენზე ითქვა, უცნაური არაფერი მომხდარა. ინგლისთან მატჩმა დიდი ძალა წაგვართვა, რადგან მოედანზე აბსოლუტურად ყველაფერი დავტოვეთ.

2022 წელს გვქონდა ოცნება, აგვეხდინა არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი ქვეყნის ოცნება – ვყოფილიყავით კვლავ მსოფლიო ჩემპიონები. ჩვენ ეს შევძელით.

ჩვენ მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი, კოპა ამერიკა, ფინალისიმა… უზომოდ მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც ამ ნაკრებთან ერთად განვიცადე.

თუმცა ეს მოგზაურობა მხოლოდ 2022 წელს ან ამ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს არ უკავშირდება. ბევრი თანაგუნდელი იბრძოდა ჩემ გვერდით ამ მაისურისთვის, სანამ საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებოდით. ეჭვი არასდროს შეგეპაროთ იმაში, თუ რამდენი იბრძოლა და გაიღო თითოეულმა მათგანმა არგენტინისთვის.

პრივილეგია და პატივი იყო ყველა ჩემს თანაგუნდელთან ერთად მოედნის გაზიარება და ფეხბურთს მიღმა ჩვენი ცხოვრების ასეთი დიდი ნაწილის ერთად გატარება. ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავდიოდით, ვიცოდი, რომ ნებისმიერთან შეგვეძლო კონკურენცია, რადგან გვერდით მყავდა მეომრები, რომლებიც მზად იყვნენ, აბსოლუტურად ყველაფერი იქ დაეტოვებინათ.

ყველაზე დიდი მიზნების მისაღწევად ძლიერი ჯგუფი გჭირდება. და სწორედ ყველაზე რთულ მომენტებში აღმოაჩენ ხოლმე, თუ როგორი გუნდი გყავს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ შევძელით ყველაფრის მიღწევა, რაც გავაკეთეთ.

ისინი დამეხმარნენ იმ ოცნების ახდენაში, რომელიც ბავშვობიდან მქონდა. ისინი დამეხმარნენ, გავმხდარიყავი მსოფლიო ჩემპიონი.

ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ხალხს. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შანსი, მეთამაშა არგენტინის ამდენ ქალაქში და ყველგან, სადაც მივდიოდი, წარმოუდგენელ სიყვარულს ვიღებდი.

ამ წლების განმავლობაში, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა გეთამაშა, სტადიონები ყოველთვის სავსე იყო არგენტინელებით. არ ჰქონდა მნიშვნელობა მატჩს ან მანძილს, ხალხი უდიდეს ძალისხმევას დებდა, რომ იქ ყოფილიყო. ჩვენ ვიცით, რამდენად რთულია ეს. სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს შინ ვთამაშობდით, რადგან ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას.

და ეს მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. დადგება რთული მომენტები და სწორედ ეს არის ის დრო, როცა გუნდს მხარდაჭერა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. გჭირდებათ ძლიერი, ერთიანი ჯგუფები, რადგან ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ეროვნული ნაკრების მარცხის დანახვა სურთ და ჩვენ მათ ამის სიამოვნება არ უნდა მივანიჭოთ.

აქ, ამ სტადიონზე განვიცადე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე – ჩვენი პირველი საშინაო მატჩი მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ. ეს ულამაზესი იყო. დღევანდელი დღე კი, შეიძლება, ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი იყოს, რადგან ახლა აქ ვდგავარ და გემშვიდობებით.

ძალიან მომენატრებით, მაგრამ ყოველთვის თქვენს მხარეს ვიქნები. მხარს დავუჭერ ამ ბიჭებს და ყველას, ვინც მათ შემდეგ მოვა.

ახლა იმდენი ემოცია მიტრიალებს. დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ მავიწყდება, რისი თქმაც მინდა, რადგან ეს ჩემთვის ძალიან რთული მომენტია. პირველი ადამიანი, ვინც მახსენდება, მამაჩემია.

ძალიან მომენატრება აქ თამაში.  მიყვარხართ და ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ.

მივდივარ მადლიერი, ამაყი და მშვიდი. მადლობა ყველაფრისთვის“, – თქვა მესიმ.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა არგენტინის ნაკრების მაისურით 208 მატჩი ჩაატარა, 126 გოლი გაიტანა და 67 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მასთან ერთად გუნდმა ერთხელ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი (2022) და ორჯერ – კოპა ამერიკა (2021, 2024). ლეო მესისთან ერთად გუნდი მუნდიალის ფინალში 2014 და 2026 წლებშიც გავიდა.

მსგავსი