ამერიკელმა სამთო მოთხილამურემ ლინდსი ვონმა გამოაცხადა, რომ გასულ უქმეებზე იტალიის კურორტ კორტინა დ’ამპეცოში გამართული მსოფლიოს თასის ეტაპი, შესაძლოა, ბოლო აღმოჩნდეს მის კარიერაში. უფრო ადრე, ლეგენდარულმა ამერიკელმა დაადასტურა, რომ 2018-19 წლების სეზონის ბოლომდე იასპარეზებდა.
„არ მინდოდა გაჩერება, მაგრამ ჩემი ქრონიკული ტრავმით რთულია ასპარეზობა. მუხლში ტკივილი ძალიან ძლიერია. არ ვიცი, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება. უახლოეს დღეებში ვიფიქრებ ყველაფერზე და მივიღებ გადაწყვეტილებას“, – მოჰყავს სააგენტო Reuters-ს ვონის სიტყვები.
ლინდსი ვონს ოთხჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს თასი საერთო ჩათვლაში, არის ქალებს შორის რეკორდსმენი მსოფლიოს თასზე მოგებული ეტაპების რაოდენობით. მას ხუთი მოგება სჭირდება იმისთვის, რომ დაამხოს აბსოლუტური რეკორდი, რომელიც შვედ ლეგენდას ინგემარ სტენმარკს ეკუთვნის – 86 გამარჯვება მსოფლიოს თასზე.