ლინას ლინკევიჩუსი - ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ გატაცება, მკვლელობა, წამება რეაგირებისა და სათანადო შედეგების გარეშე არ ჩაივლის
ლინას ლინკევიჩუსი - ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ გატაცება, მკვლელობა, წამება რეაგირებისა და სათანადო შედეგების გარეშე არ ჩაივლის

ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ადამიანების გატაცება, მკვლელობა, წამება რეაქციის, რეაგირებისა და სათანადო შედეგების მიღების გარეშე არ ჩაივლის, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას საისა და ლიეტუვის სანქციებზე მიერთების შესახებ საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ზოგადად, სანქციები არ არის ქვეყნებს შორის სასაუბრო ენა, მაგრამ ამ შემთხვევაში, არის ზომა და ფორმა პოლიტიკური გზავნილისთვის.

„პირველ რიგში, მინდა, გითხრათ სანქციების შესახებ. ვფიქრობ, სანქციები არ არის ისეთი რამ, რითიც უნდა ვამაყობდეთ. ეს არ არის ის ენა, რომლითაც ქვეყნები ერთმანეთს უნდა ესაუბრონ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არის ზომა და ფორმა, რომ პოლიტიკური გზავნილი გავაკეთოთ. გამოვტახავთ დამოკიდებულებას კონკრეტული ქმედებების მიმართ, რაზეც წინააღმდეგობა გვაქვს და რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“, – განახცადა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც ლინკევიჩუსმა აღნიშნა, თუ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება შეუძლებელია, გარკვეული ზომების მიღება ეროვნულ დონეზეც შეიძლება.

„ლიეტუვამ მიიღო „მაგნიტსკის სია“. გვაქვს ჩვენი სია, რომელიც მასშტაბურია. სიას ეწოდება მაგნიტსკი, მაგრამ მასში მოხვდა უამრავი ადამიანი, ვის სახელთანაც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დარღვევა. ამ სიითა და სანქციების მიერთებით ჩვენ, ქვეყანამ პოზიცია დავაფიქსირეთ. ანალოგიური მოხდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებითაც. რეზოლუცია მიიღეს საქართველოში და ჩვენც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოვახდინოთ დემონსტრირება იმის, რომ ადამიანების გატაცება, მკვლელობა, წამება რეაქციის, რეაგირებისა და სათანადო შედეგების მიღების გარეშე არ ჩაივლის“, – აღნიშნა ლინკევიჩუსმა.

დადგენილების პროექტი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს მთავრობამ 26 ივნისს დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში 33 პირია შეყვანილი.

ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვების დაწესების პროცედურა აგვისტოს დასაწყისში დაასრულა. შედეგად, ყველა პირი, ვინც აღნიშნულ სიაშია შეყვანილი, შეზღუდვებს დაექვემდებარა.