ლიგა 2-ში სეზონი უხვგოლიანი მატჩებით განახლდა - „შუქურა“ კვლავ უდანაკარგოა (ვიდეო)
ლიგა 2-ში სეზონი უხვგოლიანი მატჩებით განახლდა - „შუქურა“ კვლავ უდანაკარგოა (ვიდეო)

ეროვნული ლიგა 2-ში სეზონი განახლდა – მესამე ტურის შეხვედრები ქობულეთსა და თბილისში გაიმართა და უხვგოლიანი გამოდგა.

ორივე შეხვედრის დაწყებამდე ფეხბურთელებმა გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ქობულეთის „ჩელე არენაზე“ „შუქურამ“ ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ანგარიში 33-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდომ გახსნა, 62-ე წუთზე დავით ჯიქიამ პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა ირაკლი კომახიძემ გოლის გატანა მაინც შეძლო. 83-ე წუთზე ჯერალდომ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0 ქობულეთის „შუქურას“ სასარგებლოდ.

მუხიანის სპორტული კომპლექსში გამართული დაპირისპირება „გაგრასა“ და „შევარდენი 1906“-ს შორის უფრო არაპროგნოზირებადი და დრამატული სცენარით წარიმართა.

მე-17 წუთისთვის „გაგრა“ თამაზ მაქაცარიასა და ივანე ოქროპირიძის გოლებით 2:0-ს იგებდა, მაგრამ 22-ე წუთზე ცოტნე სამუშიამ სხვაობა შეამცირა, ხოლო საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა გოგიტა გოგუამ 61-ე წუთზე ჯერ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 72-ე წუთზე პენალტი გამოიყენა და „შევარდენი 1906“-ს გამარჯვება მოუტანა 2:3.

სამი ტურის შემდეგ „შუქურა“ 100-პროცენტიანი შედეგით (9 ქულა) ლიდერობს, „შევარდენი 1906“-მა ორი წაგების შემდეგ პირველად მოიგო, მე-5 ადგილზე დაწინაურდა და ქულით გაასწრო „გაგრას“ (2 ქულა), ხოლო ზუგდიდის „დინამო“ 1 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა.

დატოვე კომენტარი