ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბალტიის ზღვაში კაბელებთან დაკავშირებული მზარდი ინციდენტები გაფრთხილებაა ევროკავშირისა და ნატო-სთვის
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბალტიის ზღვაში კაბელებთან დაკავშირებული მზარდი ინციდენტები გაფრთხილებაა ევროკავშირისა და ნატო-სთვის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ კიასტუტის ბუდრისის განცხადებით, ბალტიის ზღვაში კაბელებთან დაკავშირებული მზარდი ინციდენტები გაფრთხილებაა ევროკავშირისა და ნატო-სთვის.

„ბოლოდროინდელი რისკების გათვალისწინებით, რომელსაც მესამე ქვეყნების ხომალდები და პრაქტიკულად ჩრდილოვანი ფლოტი ქმნის, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა ბალტიის ზღვაში, რათა მინიმუმამდე შევამციროთ მოწყვლადობა. უნდა ამოქმედდეს ნატო-ს ფორმატში არსებული ყველა მექანიზმი, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების ფორმატები. ასევე აუცილებელია, განვიხილოთ ნავიგაციის წესების განახლების საკითხი არაღრმა წყლებში“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ლიეტუვის მხარე მჭიდრო კონტაქტში იმყოფება ესტონეთთან და ფინეთთან Estilink2-ის ელექტროკაბელებზე 25 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ და მზად არის, გაუწიოს მხარდაჭერა გამოძიების პროცესში.

კაბელი, რომელიც ესტონეთსა და ფინეთის ენერგოსისტემებს ერთმანეთთან აკავშირებს, ავარიულად, ამ ეტაპზე დაუდგენელი მიზეზით გამოირთო. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ამავე პერიოდში ინციდენტის სიახლოვეს ორმა ხომალდმა გაიარა.