ფინური კომპანია Fingrid-ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ფინეთსა და ესტონეთს შორის პირდაპირი კავშირი Estlink 2-ით 25 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 12:26 საათზე გაწყდა. გათიშვის მომენტში ფინეთიდან ესტონეთში გადაცემის სიმძლავრე 650 მეგავატს შეადგენდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინური მედია ავრცელებს.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, რომ ინციდენტი ქვეყნის ენერგომომარაგებაზე გავლენას არ მოახდენს.
მედიის ცნობით, Fingrid-ში დივერსია არ გამორიცხავენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ინციდენტის მიზეზები ჯერ კიდევ გასარკვევია. კაბელის გაწყვეტის ადგილას შენიშნეს ჰონგ კონგის დროშის ქვეშ და კუკის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ორი გემი. მომხდარს ფინეთის პოლიცია იძიებს.
ფინეთი და ესტონეთი ერთობლივად ფლობენ Estlink 2-სა და Estlink 1-ს. 2024 წლის დასაწყისში რამდენიმე თვის განმავლობაში Estlink 2-ის რემონტი მიმდინარეობდა. ამ კაბელის სიგრძე დაახლოებით 170 კმ-ია, საიდანაც 145 კმ ზღვის ფსკერზე გადის.
ეს არ არის პირველი მსგავსი ინციდენტი ბალტიის ზღვაში. 17 ნოემბერს დაზიანდა შვედეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი კაბელი, ხოლო 18 ნოემბერს – გერმანიისა და ფინეთის დამაკავშირებელი C-Lion1. მეორე შემთხვევაში, ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა ჩინური გემი Yi Peng 3, რომლის კაპიტანიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. ბალტიის ზღვაში კაბელების სისტემატური დაზიანებები დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.