ლიეტუვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
ლიეტუვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. სტუმრებისთვის კულტურულ პროგრამაში ანსამბლები – „რუსთავი“ და „ქართული ხმები“ მონაწილეობდნენ.
დამსწრეებს ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტიმ მიმართეს.
„ჩვენი ისტორია ძალიან მსგავსია, ისე, როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარება. დღეს ძალიან ბევრ მსგავსებას ვხედავთ. ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი მსგავსება ისაა, რომ ორივე ქვეყანას ქალი პრეზიდენტი გვყავს, მაგრამ ვითარება შეიცვლება 12 ივნისის შემდეგ, როდესაც ახალი პრეზიდენტი გვეყოლება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ავირჩიეთ. ჩვენც საქართველოს მსგავსად აღვნიშნავთ 100-წლიან დამოუკიდებლობას და დიპლომატიური ურთიერთობის 25 წელს. რომ გავაგრძელოთ მსგავსებები – მე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორივე 2016 წლის ნოემბერში აგვირჩიეს და ორივე ქვეყანაში ახალ პარლამენტს 2020-ში აირჩევენ.
განსხვავებებზე თუ ვისაუბრებთ, არის ის რომ წარსულში ჩვენმა ბრძოლამ დამოუკიდებლობისთვის განსხვავებული მიმართულებებით წაგვიყვანა, მაგრამ ახლა ორივე ქვეყანა ეძებს მშვიდობასა და განვითარებას თავისი ხალხისთვის და ძალიან მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ერთად აღვნიშნოთ დამოუკიდებლობის მოპოვების 100 წლის იუბილე, გილოცავთ“, – აღნიშნა მიღებაზე ვიქტორას პრანცკიეტიმ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბედნიერია, რომ ლიეტუვაში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს.
„მეგობრობა ლიეტუვასა და საქართველოს შორის განსაკუთრებულია, არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ ხალხებს შორის. ამ მეგობრობას ძალიან სოლიდური ისტორიული საფუძველი აქვს, თანამშრომლობა და მეგობრობა. ძალიან ბევრი რამ გვაქვს, რასაც ლიეტუვისგან და მისი ხალხისგან ვიზიარებთ. დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, 100 წლის წინ საქართველომ რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის.
სამწუხაროდ, ეს დამოუკიდებლობა მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა, მაგრამ მოგვიანებით, სამი დეკადის გასვლის შემდეგ, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისევ აღდგენა. ჩვენი ეს ისტორია ძალიან ჰგავს ლიეტუვის ისტორიას. ლიეტუველების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის დაიწყო მე-19 საუკუნეში და ეს სურათი ჰგავს საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.
ქართველები და ლიეტუველები მხარდამხარ იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა იყო წარმატებული. ახლა ლიეტუვა განვითარების საუკეთესო მაგალითია ჩვენთვის. მართალია, ცოტათი წინ არის, ის არის წევრი ნატო-სი და ევროკავშირის, რამდენჯერმე აღემატება მისი ეკონომიკა საქართველოსას და კიდევ ერთხელ, ის არის საუკეთესო მაგალითი ქვეყნისთვის. მოხარული ვარ ჩვენი ურთიერთობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.