ლიცენზიები „არსენალის“ ყოფილი მეკარისგან - მწვრთნელთა განათლების კურსი დასრულდა #1TVSPORT
ლიცენზიები „არსენალის“ ყოფილი მეკარისგან - მწვრთნელთა განათლების კურსი დასრულდა #1TVSPORT

თბილისში ესტონეთის ნაკრების, „არსენალისა“ და „დერბი ქაუნთის“ ყოფილი მეკარე მარტ პოომი იყო, რომელიც უეფა-ს წარმოადგენდა და მეკარეების მწვრთნელთა განათლების „ბ“ ლიცენზიის კურსის მსმენელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ლიცენზიები გადასცა.

ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამაში მონაწილებას იღებდნენ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები, ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლები. სასწავლო პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას.

აღნიშნული ჯგუფი უეფა-ს მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა „ბ“ ლიცენზიის კურსის პირველი გამოშვებაა. ამასთან, საქართველოს ფეხბურთს ფედერაციას უეფა-ს მწვრთნელთა კონვენციაში შესაბამის დონეზე წევრობა მიენიჭა.

უეფა-ს მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიების გადაცემის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე და უეფა-ს მეკარეების მწვრთნელთა განათლების ექსპერტი, მარტ პოომი ესწრებოდნენ.

მარტ პოომი ესტონური ფეხბურთის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია, რომელიც წლების განმავლობაში გამოდიოდა ინგლისურ კლუბებში – „დერბი ქაუნთი“, „სანდერლენდი“, „არსენალი“, „უოტფორდი“.