ლიბანში ახალი მთავრობის ფორმირების მიუხედავად, საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრაციების მონაწილეები პარლამენტის შენობასთან კორდონში ჩამდგარ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. აქტივისტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციელებმა ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა ბეირუთის ქუჩები ცეცხლმოკიდებული საბურავებით ჩახერგა.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს ლიბანის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად ჰასან დიაბი წარადგინა. მანამდე დიაბი ლიბანის მთავრობაში განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა. მის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარი მოძრაობა „ჰეზბოლამაც“ დაუჭირა. მოგვიანებით დასახელდა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობაც.
სიტყვით გამოსვლის დროს ლიბანის მთავრობის ახალმა მეთაურმა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტი საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორებას შეეცდება.
ლიბანში საპროტესტო აქციები რამდენიმე თვეა, გრძელდება. მოქალაქეები პოლიტიკოსებს კორუფციაში და ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაში ადანაშაულებენ.