ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ეპიზოდს ფარსსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს 
ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ეპიზოდს ფარსსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს 

სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ის სარდაფში ჩაიყვანა და ფიზიკურად გაუსწორდა, ფარსს უწოდებს.

როგორც ყიფიანმა სასამართლოში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს ინფორმაცია მისთვის შეურაცხმყოფელია.

„ეს არის ფარსი. შეურაცხმყოფელია, რომ მე ამ თემაზე ვილაპარაკო, ასეთი რამ არ ყოფილა“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ლევან ყიფიანი დღეს საქალაქო სასამართლოში „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეზე გამოიკითხა. ლევან ყიფიანმა აღიარა, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა.

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.