ლევან ყიფიანი აპირებს, ზაზა ოქუაშვილს უჩივლოს
ლევან ყიფიანი აპირებს, ზაზა ოქუაშვილს უჩივლოს

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი აპირებს, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს უჩივლოს.

როგორც სასამართლოში ლევან ყიფიანის გამოკითხვის შემდეგ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება ჯერ არ აქვთ მიღებული, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით აპირებს ჩივილს ყიფიანი, თუმცა სპორტის ყოფილი მინისტრი საჩივრის შეტანას აუცილებლად გეგმავს.

„ზაზა ოქუაშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, როდესაც თქვა, რომ ერთჯერადად მოხდა თანხის გატანა. ბანკიდან სამჯერ მოხდა თანხის გატანა. სხვადასხვა დღეს მოხდა. 16 აპრილი იყო, თუ არ ვცდები, როდესაც პირველად მოხდა თანხის გატანა. ის, რა მოცემულობაც ბატონმა ლევანმა წარმოადგინა, არის, რომ ჩანაწერების რაღაც ნაწილი ერთობლივად იქნა შექმნილი. ის ნაწილიც, რომელიც ერთობლივად იქნა შექმნილი, დამონტაჟებულია, რაღაც ხმის დადებაა“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის თქმით, დღეისათვის მის ხელთ არსებული მასალების მიხედვით, ყიფიანის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

„იმედია, გამოძიება მოგვთხოვს ამის დამადასტურებელს და ჩვენ წარმოვადგენთ. ლევან ყიფიანს ჩანაწერები არ აქვს. პირველივე დაკითხვაში ყიფიანმა განაცხადა, რომ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ჩანაწერები იყო დამონტაჟებული. მისი ნებაა, მივიდოდა თუ არა. ჩვენ ვაპირებთ, ვუჩივლოთ ზაზა ოქუაშვილს. პირველი ეს არის პატივისა და ღირსების შელახვა და შემდგომი თემა არის, რომ მოვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. რაც შეეხება ე.წ. სარდაფის ეპიზოდს, ყიფიანი ამას არ ადასტურებს“, – განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

ლევან ყიფიანი დღეს საქალაქო სასამართლოში „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეზე გამოიკითხა. ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა.