ლევან თარხნიშვილი - მუხთარლის საქმე საფრთხეს შეუქმნის საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე
ლევან თარხნიშვილი - მუხთარლის საქმე  საფრთხეს შეუქმნის საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე

ის, რაც მოხდა აფგან მუხთარლის მიმართ, არის უსამართლობა, მაგრამ მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, პრეტენზიები მაქვს საქართველოს მთავრობის მიმართ,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კითხვა – როგორ გაქრა ადამიანი საქართველოდან და როგორ გაჩნდა ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, პასუხგაუცემელია.

“ვინ არის ამაში დამნაშავე, რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ, რომ ეს არ მომხდარიყო, ან რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ იმისათვის, რომ ეს გამოეძია. ამ კითხვებზე პასუხი არ არის და შესაბამისად, კითხვები ექნება არამხოლოდ ამერიკის ადმინისტრაციას, არამედ კითხვები აქვს საქართველოს მოსახლეობასა და საზოგადოებას. სანამ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ საქართველოს მთავრობას ამაში გარკვეული ხელი ურევია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე და არამხოლოდ პარტნიორებთან, არამედ გლობალურად. ამასთან, ეს პრობლემას ქმნის საქართველოს უშიშროების მხრივ, უსაფრთხოების სისტემის მხრივ და რა ხდება საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში ამის სამწუხარო მაგალითები უკვე გვქონდა საქართველოს საზოგადოებას ბოლო ორი თვის განმავლობაში”,- განაცხადა თარხნიშვილმა.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.