ლევან თარხნიშვილი - „ევროპულ საქართველოზე“ ორკესტრირებული შეტევაა და სამწუხაროა, რომ ამ შეტევაში თავისი წვლილი შეაქვთ ალეკო ელისაშვილსა და „გირჩს“
ლევან თარხნიშვილი - „ევროპულ საქართველოზე“ ორკესტრირებული შეტევაა და სამწუხაროა, რომ ამ შეტევაში თავისი წვლილი შეაქვთ ალეკო ელისაშვილსა და „გირჩს“

„ევროპულ საქართველოზე“ ორკესტრირებული შეტევაა და სამწუხაროა, რომ ამ შეტევაში თავისი წვლილი შეაქვთ ალეკო ელისაშვილსა და „გირჩს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თარხნიშვილმა კომენტარი გააკეთა ალეკო ელისაშვილისა და იაგო ხვიჩიას განცხადებებზე, რომელთა თქმითაც, „ევროპული საქართველო“ შეთანხმების ჩაშლას ცდილობდა.

თარხნიშვილის განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ ყველაფერი გააკეთა, რათა მოლაპარაკების პროცესი რაიმე შედეგამდე მისულიყო.

„ევროპულ საქართველოზე“ ფაქტობრივად ორკესტრირებული შეტევაა და სამწუხაროა, რომ ამ შეტევაში თავის წვლილს იღებენ ყოფილი ოპოზიციონერები, ალეკო ელისაშვილი და „გირჩი“. ამ მოლაპარაკებების ყველა მონაწილე, გარდა ამ ადამიანებისა და „ქართული ოცნებისა“, დამეთანხმება, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს პროცესი რაიმე შედეგამდე მისულიყო. ყველა რაუნდსა და ოპოზიციის შიდა მოლაპარაკებებში მაქსიმალურად ვცდილობდით, კონსტრუქციულები ვყოფილიყავით და გამოგვეყენებინა იდეები, რომლებიც რაღაცამდე მიგვიყვანდა. რაც შეეხება იაგო ხვიჩიასა და ალეკო ელისაშვილის განცხადებებს, ეს მათ უნდა ვკითხოთ, საიდან მოიტანეს, ეტყობა სხვა მოლაპარაკებებზე დადიოდნენ. რას იზამენ ისინი სამომავლოდ, მე ნაკლებად მაინტერესებს. ის ადამიანი, რომელიც ფეხს შედგამს ერთპარტიულ პარლამენტში, წყვეტს არსებობას როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ფაქტობრივად წევრიანდება „ქართულ ოცნებაში. თუ მათ ამის გაკეთება უნდათ, კი ბატონო“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

თარხნიშვილმა არასერიოზული უწოდა ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, არ არის გამორიცხული, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს კომპრომატებით აშანტაჟებდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ამ ბოდვაზე სერიოზული პასუხის გაცემა გამიჭირდება. ყველას შეგახსენებთ ელისაშვილის განცხადებებს ბესელიაზე და სხვა წარმომადგენლებზე, როდესაც მას ტელეფონში რაღაცები ჰქონდა და შემდეგ უცებ გაუქრა. კარგი იქნება თუ მას მოჰკითხავთ, იგივე რამე ხომ არ დაესიზმრა ახლაც. ძალიან მიჭირს ამ არასერიოზულ განცხადებებზე სერიოზული პასუხის გაცემა“, – განაცხადა თარხნიშვილმა.