ლევან თარხნიშვილი - არავინ ეკითხება ალეკო ელისაშვილსა და ვახტანგ მეგრელიშვილს, ვის მიავლენს „ევროპული საქართველო“ მოლაპარაკებებზე
ლევან თარხნიშვილი - არავინ ეკითხება ალეკო ელისაშვილსა და ვახტანგ მეგრელიშვილს, ვის მიავლენს „ევროპული საქართველო“ მოლაპარაკებებზე

არავინ ეკითხება ალეკო ელისაშვილსა და ვახტანგ მეგრელიშვილს, ვის მიავლენს „ევროპული საქართველო“ მოლაპარაკებებზე, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას.

თარხნიშვილის შეფასებით, „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამენ წყალს.

„უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ რთულია არასერიოზული ხალხის არასერიოზულ განცხადებებზე პასუხი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი თამაშობენ „ქართული ოცნების“ თამაშს და ნებსით თუ უნებლიეთ, მათ წისქვილზე ასხამენ წყალს. რაც შეეხება მათ განცხადებებს, არავის ეკითხება, არც მეგრელიშვილს, არც „გირჩს“ და არც ელისაშვილს, თუ ვის მიავლენს „ევროპული საქართველო“ ამა თუ იმ მოლაპარაკებაზე, ამას წყვეტს პარტია და შესაბამისად, ასე გაგრძელდება.

სამწუხაროა, რომ ელისაშვილმა და „გირჩის“ ნარჩენებმა თუ განაყოფმა სხვა გზა აირჩია, ეს არის მათი არჩევანი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ფეხს შედგამს ამ ერთპარტიულ პარლამენტში, ფაქტობრივად წევრიანდება „ქართულ ოცნებაში“, როგორც ეს გააკეთა „ევროპულმა სოციალისტებმა“. რაც უფრო მალე ჩამოყალიბდება ბატონი ელისაშვილი და „გირჩების“ ოთხეული თუ სამეული, შედიან თუ არა პარლამენტში და მოეშვებიან ამ მაიმუნობას, მით უკეთესი იქნება“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბარში მან კიდევ ერთხელ დაასახელა ოპოზიციის მოთხოვნები, რაც მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების მიღწევის წინაპირობაა.

„ევროპული საქართველო“, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების უმეტესი ნაწილი, რჩება თავის პოზიციაზე, ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ ჯანდაცვის სისტემის კრიზისიდან. მეორე – ეს ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალ საარჩევნო გარემოში. მესამე – უნდა ჩაატაროს ახალმა საარჩევნო ადმინისტრაციამ. მეოთხე – „ევროპული საქართველო“ და მთლიანად ოპოზიცია ვითხოვთ პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლებას. ეს არის ჩვენი პირობები. ამ ოთხი დათქმის ფარგლებში მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, ნებისმიერ დისკუსიაში.

ჩვენ ერთ-ერთ რაუნდზე შევთავაზეთ პლებისციტის ჩატარება,ვკითხოთ ხალხს, უნდათ თუ არა არჩევნების ჩატარება შემოდგომაზე. სამწუხაროდ, ამაზე უარი მივიღეთ, თუმცა იძულებული იქნებიან, გარკვეულ დათმობაზე წამოვიდნენ“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

შეგახსენებთ, „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს, დაელაპარაკოს „ევროპული საქართველოს“ იმ წევრებს, რომლებიც პარტიული სიით პარლამენტში შევიდნენ და არა – მენეჯმენტს. ასეთივე პოზიცია აქვს ალეკო ელისაშვილსაც.