ვახტანგ მეგრელიშვილი - ვაპირებ, დაველაპარაკო „ევროპული საქართველოს“ იმ წევრებს, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ და არა პარტიის მენეჯმენტს
ვახტანგ მეგრელიშვილი - ვაპირებ, დაველაპარაკო „ევროპული საქართველოს“ იმ წევრებს, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ და არა პარტიის მენეჯმენტს

„გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას მოლაპარაკებების წარმატების სურვილი არ აქვს.

როგორც მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, თუ საჭირო გახდა, „გირჩის“ შეთავაზებას 60-ივე ოპოზიციონერ დეპუტატს ცალ-ცალკე გააცნობს.

„თუ ჩვენ გვექნება ერთიანი პოზიცია, ჩვენი წარმატების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. ელისაშვილიც გვეთანხმება. ვფიქრობ, საჭიროა „ლელოსთან“ შეთანხმება და საუბარი, მათი აზრის მკაფიოდ გამოტანა, ასევე, გიორგი ვაშაძესა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საუბარი. 60-ივე ოპოზიციონერ დეპუტატს დაველაპარაკებით ცალ-ცალკე, თუ საჭირო გახდება… ვინ არის ის კაცი ქვეყანაში, რომელიც გვეუბნება, გარანტიას გვაძლევს, რომ თუ არაფერს გავაკეთებთ, დაველოდებით როდის შეგვიწყვეტენ უფლებამოსილებას და მერე ვიღაცა ჩვენზე იზრუნებს. მე არ მჯერა ასეთი ინფანტილური სისულელეების, რომელიც ისეთი ჯგუფებისგან ისმის ხოლმე, რომელსაც თავიდანვე ეტყობა, რომ მოლაპარაკებების წარმატების სურვილი არ აქვს. აქ მოსვლამდე ვუსმენდი გიგა ბოკერიას, მას მოლაპარაკებების მიმართ განსაკუთრებულად ეტყობა ეს დამოკიდებულება, რაც მგონია, რომ ისედაც დამარცხებული პარტიისთვის, არაპრაგმატულია. თან მაშინ, როცა შეიძლება კონსტრუქციული პროცესის ჩაშლა დაბრალდეს. მე ვაპირებ, რომ დაველაპარაკო „ევროპული საქართველოს“ იმ წევრებს, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ და არა „ევროპული საქართველოს“ მენეჯმენტს. მათი აზრი არც კი ვიცი, როგორც ჩანს, მათ ადამიანებად არ თვლიან, ტარიელ ნაკაიძეს, არმაზ ახვლედიანს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.