ლევან სურგულაძე - თუ საკონსტიტუციო სასამართლო საპენსიო რეფორმას შეაჩერებს, საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხები მოქალაქეებს სარგებლით დაუბრუნდებათ
ლევან სურგულაძე - თუ საკონსტიტუციო სასამართლო საპენსიო რეფორმას შეაჩერებს, საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხები მოქალაქეებს სარგებლით დაუბრუნდებათ

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო საპენსიო რეფორმის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, საპენსიო ფონდში ჩარიცხული თანხები მოქალაქეებს სარგებლით დაუბრუნდებათ, – ეს განცხადება საპენსიო ფონდის დირექტორმა, ლევან სურგულაძემ დღეს ბათუმში გააკეთა.

ის განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმის სტატუსით მიიწვიეს და მოსამართლეების შეკითხვებს უპასუხებს.

ლევან სურგულაძე ამბობს, რომ საპენსიო ფონდის შენატანი ბევრ ქვეყანაშია სავალდებულო და ამას კონსტიტუციაც ითვალისწინებს.

„ეს არის ნახევრად სავალდებულო ჩართულობა, სავალდებულოა მხოლოდ გარკვეული ასაკის კატეგორიისთვის. ეს სავალდებულოა ყველა ქვეყანაში როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისთვის, ასე რომ, იძულებითი არის ტიპური მოვლენა, რადგან ადამიანები არ არიან ინფორმირებული ამ სახის სიკეთეებზე. სახელმწიფოს აქვს უფლება და კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული, რომ საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე იყოს გარკვეული იძულება”, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

საპენსიო ფონდის დირექტორი არც იმ ვარაუდს იზიარებს, რომ ფონდში შეტანილი თანხა დროთა განმავლობაში გაუფასურდება.

„საპენსიო თანხების ინვესტირება ხდება, შესაბამისად თანხას ერიცხება გარკვეული სარგებელი და ეს სარგებელი ინფლაციას დაარეგულირებს. ვვარაუდობთ, 7-8 პროცენტამდე იქნება სარგებელი, იმ შემთხვევაში კი თუ ინფლაცია გაიზრდება, გაიზრდება ამონაგები იმ ინსტრუმენტიდან, რა ინსტრუმენტშიც მოთავსებულია ეს თანხები“, – ამბობს სურგულაძე.

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ორი ორგანიზაციის სარჩელს განიხილავს, რომლებიც საპენსიო რეფორმის შეჩერებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, პირველი იანვრიდან საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდა საქართველოში დასაქმებული ყველა მოქალაქე და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის რეზიდენტი, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტში ქალბატონებს 55, ხოლო მამაკაცებს 60 წელი არ ჰქონდათ შესრულებული.

პირველი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტისათვის, ანუ 2018 წლის 6 აგვისტოსთვის 40 წელი შეუსრულდათ, სისტემის დატოვება განცხადების საფუძველზე შეეძლებათ.

ყოველთვიურად დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს.