ლევან სურგულაძე - საპენსიო სისტემიდან ამ ეტაპისთვის 2 900 მოქალაქე გავიდა
ლევან სურგულაძე - საპენსიო სისტემიდან ამ ეტაპისთვის 2 900 მოქალაქე გავიდა

საპენსიო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, რეფორმის იმპლემენტაციის დაწყებიდან 100 დღე გავიდა.

„რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენს სისტემაში უკვე 750 ათას ადამიანზე მეტია გაწევრიანებული. საპენსიო შენატანების მოცულობა გუშინდელი მონაცემებით, დაახლოებით 175 მილიონი ლარია. გასვლაზე მომართვიანობა არის, მაგრამ არც ისე მაღალი. ამ ეტაპისთვის, სისტემიდან გასულია 2 900 ადამიანი. ეს არის 750 ათასი მოქალაქიდან 2 900, ანუ 0,4 პროცენტი“, – განაცხადა სურგულაძემ.

მისი თქმით, საკომიტეტო მოსმენაზე სააგენტოს მუშაობის შედეგებს წარადგენს.

„პროცესი ორ ეტაპად გაიყო. სააგენტოს მომზადების პერიოდი იყო პირველ იანვრამდე და სააგენტოს მუშაობის პერიოდი პირველი იანვრიდან დღემდე“, – აღნიშნა სურგულაძემ.

რაც შეეხება საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებაზე გამოცხადებულ კონკურსს, როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, ვაკანსიები გამოცხადებულია და ბოლო ვადა 25 აპრილია.

„კონკურსი ზეგ დასრულდება. აქტივობა მაღალია. ძალიან მაღალი დონის განცხადებებია მიღებული, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი არჩევანი გვექნება“, – განაცხადა სურგულაძემ.

საპენსიო დანაზოგებიდან აკუმულირებული თანხების განთავსებაზე ოპოზიციის კრიტიკასთან დაკავშირებით კი, სურგულაძე ამბობს, რომ ყველაფერი გეგმისა და კანონის მიხედვით კეთდება.

„დეკემბერში ეს საბჭო ნამდვილად არ გვჭირდებოდა, ზედმეტი ხარჯი იქნებოდა. დივერსიფიცირებული პორტფელის შესადგენად საჭიროა გარკვეული თანხის აკუმულირება. ეს თანხა ზუსტად იმ დროისთვის აკუმულირდება, როდესაც საბჭო გვეყოლება და საინვესტიციო საქმიანობას დავიწყებთ. ამასობაში, ვმუშაობთ რისკის კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, სტრუქტურა, რომელიც ამ საინვესტიციო საქმიანობას თითოეული ტრანზაქციის დონეზე გააკონტროლებს“, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

მისი თქმით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო თვე ნახევარში ამოქმედდება.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს დირექტორს, ლევან სურგულაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სქემაში ჩართვის თარიღად ითვლება თარიღი, როდესაც კომპანიის/ორგანიზაციის ბუღალტერმა დახურა დეკლარაცია და დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა.