დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველებს სისტემის დატოვების შესაძლებლობა ორი თვის განმავლობაში ექნებათ
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველებს სისტემის დატოვების შესაძლებლობა ორი თვის განმავლობაში ექნებათ

დღეიდან დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველებს სისტემის დატოვების უფლება მიეცემათ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თქმით, საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. ლევან სურგულაძის განმარტებით, საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სქემაში ჩართვის თარიღად ითვლება ის თარიღი, როდესაც კომპანიის/ორგანიზაციის ბუღალტერმა დახურა დეკლარაცია და დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა.

ლევან სურგულაძის განცხადებით, განცხადების დასაწერად დასაქმებულებს მხოლოდ ორი თვე აქვთ. მისივე თქმით, თუ ამ ორ თვეში დასაქმებული არ დაწერს განცხადებას, ის რჩება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ.

„პირველი აპრილიდან თეორიულად შესაძლებელია, გარკვეულ ადამიანებს გაუჩნდეთ საპენსიო სქემიდან გასვლის უფლება, თუმცა ეს მაინც თეორიულია, რადგან წესი არსებობს, რომ როდესაც შეიქმნა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში, ის მაშინ იქმნება, როცა ბუღალტერმა გვაცნობა და ჩაგვირიცხა შესაბამისი საპენსიო შესატანი, იმ მომენტიდან აითვლება სამი თვე და სამი თვის თავზე ადამიანს უჩნდება საპენსიო სქემიდან გასვლის უფლება ორი თვის განმავლობაში. პირველი იანვარი არ იყო სამუშაო დღე და არანაირი ჩარიცხვა არ მომხდარა, არც 2-ში და 3-ში, ხოლო 4-ში იყო დახურული პირველი დეკლარაციები. 2-ში გაიხსნა ინდივიდუალური ანგარიშები და 4 აპრილიდან გარკვეულ ადამიანებს, ვინც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყო 40 წლის, გაუჩნდებათ ორთვიანი ფანჯარა და უფლება, რომ უბრალო განცხადების საფუძველზე გავიდნენ საპენსიო სქემიდან“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თქმით, საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა ასევე შეუძლია მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით საპენსიო სააგენტოს მომსახურების სივრცის 70 ლოკაციაა.

„საპენსიო სქემიდან გასვლის პროცედურა არის მარტივი და დაახლოებით სამ წუთს გრძელდება. ასევე გვაქვს 70 ლოკაცია საქართველოს მასშტაბით. იქ არიან ოპერატორები, რომელთაც გაიარეს შესაბამისი ტრენინგი და აქვთ წვდომა ჩვენს სისტემასთან“, – განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა.

დატოვე კომენტარი