ლევან სურგულაძე - დანაზოგის ოდენობა იმაზე უფროა დამოკიდებული, რომელი ასაკიდან იწყებთ დაგროვებას, ვიდრე ხელფასის ოდენობაზე
ლევან სურგულაძე - დანაზოგის ოდენობა იმაზე უფროა დამოკიდებული, რომელი ასაკიდან იწყებთ დაგროვებას, ვიდრე ხელფასის ოდენობაზე

არასწორია იმის თქმა, რომ დაბალშემოსავლიანი ადამიანები საპენსიო რეფორმით ვერაფერს ღებულობენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, არასწორია იმის თქმა, რომ დაბალშემოსავლიანი ადამიანები საპენსიო რეფორმით ვერაფერს ღებულობენ.

ლევან სურგულაძის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, დაბალშემოსავლიან ადამიანებს საპენსიო ასაკამდე გარკვეული თანხა დაუგროვდებათ.

„ეს მათ მიერ დაზოგილი თანხის ოთხმაგი ოდენობა იქნება და დამატებით, ზედ დარიცხული სარგებელი. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ შეაგროვებენ რაიმე ხელშესახებ თანხას, საპენსიო სააგენტოს უფლება აქვს, ქვედა ზღვარი დააწესოს. თუ ადამიანმა ამ ქვედა ზღვარზე ნაკლები თანხა დააგროვა, მას შეუძლია საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე ეს თანხა ერთიანად გაიტანოს. შესაბამისად, ის არაფერს არ კარგავს. თუ საუბარია 20 წლის ახალგაზრდაზე, რომელსაც თუნდაც 400 ლარი აქვთ ანაზღაურება, ის საპენსიო ასაკამდე ძალიან დიდ დანაზოგს გააკეთებს. ჩანაცვლების კოეფიციენტიც 88-89% იქნება, რაც ძალიან მაღალია. დანაზოგის ოდენობა იმაზე უფროა დამოკიდებული, რომელი ასაკიდან იწყებთ დაგროვებას,  ვიდრე – საწყისი რა ხელფასი გაქვთ”, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებისთვის გამოცხადებულ ვაკანსიებზე 100-ზე მეტი განაცხადია შესული.

მისი თქმით, საინვესტიციო საბჭოს შექმნა ორი თვის ვადაში დასრულდება.

ლევან სურგულაძის განცხადებით, საპენსიო სქემაში ჩართულმა ადამიანებმა პირადი პაროლი უნდა აიღონ, რომლითაც დანაზოგს გააკონტროლებენ.

„თქვენი თანხები ამავე დროს თქვენს პირად საპენსიო ანგარიშებზეა განთავსებული. პაროლები უნდა აიღოთ და ნახოთ, რა გიგროვდებათ და დანაზოგები როგორია, რის საფუძველზეც, შეგეძლებათ, ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოთ. მათ, ვისაც სქემიდან გასვლის უფლება გაქვთ შეგიძლიათ გახვიდეთ”, – განაცხადა სურგულაძემ.

საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სქემაში ჩართვის თარიღად ითვლება თარიღი, როდესაც კომპანიის/ორგანიზაციის ბუღალტერმა დახურა დეკლარაცია და დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა.

დატოვე კომენტარი