ლევან სანიკიძე „სიონის“ ახალი დირექტორია
ლევან სანიკიძე „სიონის“ ახალი დირექტორია

ბოლნისის „სიონს“ ახალი დირექტორი ჰყავს. ამიერიდან კლუბს ლევან სანიკიძე უხელმძღვანელებს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გუნდის ახალმა ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა და გუნდის ეროვნულ ლიგაში დაბრუნების გეგმებზე ილაპარაკა.

„ბოლნისის „სიონში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რამდენიმე კანდიდატს შორის არჩევანი ჩემს სასარგებლოდ გაკეთდა. ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან მივიღე ნდობა და ჩავიბარე გუნდი. ეს მხარე ჩემთვის უცხო არაა. როგორც ფეხბურთელმა „სიონში“ ოთხი წელი გავატარე. წლების შემდეგ ისევ „სიონში“ დავბრუნდი, ამჯერად სხვა ეტაპზე და სხვა გამოწვევებით” – ამბობს ლევან სანიკიძე.

მან კონკრეტული მიზნები დაასახელა: „იმედი მაქვს, ჩემი გუნდში მოსვლა წარმატებული იქნება. უპირველესად, იმას ვგულისხმობ, რომ „სიონმა” მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს. ბევრი შრომა გვმართებს, რათა გუნდი კვლავ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდეს. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც მივყვებით სასურველი შედეგის მისაღებად. ბოლნისელ გულშემატკივარს ვპირდები, არაფერს დავზოგავთ იმისათვის, რომ მათი საყვარელი გუნდი კვლავ წელში გამართული და გამარჯვებული იხილონ”.

„სიონის” ახალმა დირექტორმა მთავარი მწვრთნელის დანიშვნაზეც ილაპარაკა: „უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუ ვინ იქნება „სიონის” მთავარი მწვრთნელი, ამის შემდეგ უკვე, აქტიურად დავიწყებთ ფეხბურთელებთან მუშაობას. სეზონის განახლებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, ფაქტობრივად ჩემპიონატი კარზეა მომდგარი”.