ლევან ნატროშვილი - პარტიების დაფინანსების საკითხზე რეფორმამ ამ მხრივ დღეს არსებულ მთავარ პრობლემას უნდა უპასუხოს
ლევან ნატროშვილი - პარტიების დაფინანსების საკითხზე რეფორმამ ამ მხრივ დღეს არსებულ მთავარ პრობლემას უნდა უპასუხოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ პარტიების დაფინანსების სისტემის შეცვლას მიესალმება და ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.

ორგანიზაციის წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის განცხადებით, საჭიროა რეფორმა ისე განხორციელდეს, რომ ქვეყანა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით დღეს არსებული პრობლემების წინაშე ისევ არ დადგეს.

„პარლამენტის თავმჯდომარეს კონკრეტულად არ უთქვამს როგორი სისტემა შეიძლება იყოს მათ მიერ წარდგენილი. მან მხოლოდ ზოგადი პრინციპი თქვა, რომ მმართველ პარტიას აქვს უპირატესობა დაფინანსების კუთხით და გარკვეულწილად, შეიძლება ეს უპირატესობა შემცირდეს, თუმცა კონკრეტული სქემა არ შემოუთავაზებია. ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს კონკრეტულად რაზეა საუბარი“, – განაცხადა ნატროშვილმა.

მისი თქმით,  რეფორმამ იმ მთავარ პრობლემას უნდა უპასუხოს, რომლის შედეგადაც მმართველი პარტიის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის და ყველა დანარჩენი პარტიის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დიდი სხვაობაა.

„საბიუჯეტო დაფინანსების კუთხით არსებობს გარკვეული ხარვეზები, ანუ არასამართლიანი სტიმულები, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნური საარჩევნო ბლოკების შექმნასთან და ასევე, დისკრიმინაციულ მდგომაროებაში არიან დამოუკიდებელი კანდიდატები. პოლიტიკური პარტიები იღებენ გარკვეულ დაფინანსებას და გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე დამოუკიდებელი კანდიდატები“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, საქართველოს პარლამენტი სავარაუდოდ პარტიების დაფინანსების ახალ მოდელს დაამტკიცებს.