ირაკლი კობახიძე - პარტიების დაფინანსების ფორმულა უნდა გადაისინჯოს იმგვარად, რომ რეალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსება გაიზარდოს
ირაკლი კობახიძე - პარტიების დაფინანსების ფორმულა უნდა გადაისინჯოს იმგვარად, რომ რეალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსება გაიზარდოს

საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, საქართველოს პარლამენტი სავარაუდოდ პარტიების დაფინანსების ახალ მოდელს დაამტკიცებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები“ ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოქმედ კანონში დაფინანსების წესი მმართველი პარტიის ინტერესებზეა მორგებული.

„დღევანდელი დაფინანსების წესი თავის დროზე იყო მორგებული მმართველი პარტიის ინტერესებზე. შესაბამისად, ეს წესი არის ყველაზე სახარბიელო და მომგებიანი მმართველი პარტიისთვის.  მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა და გადავსინჯოთ ეს ფორმულა, რომელიც არ უწყობს ხელს პოლიტიკური პარტიების და პარტიული სისტემის განვითარებას საქართველოში.

დაფინანსება არის განაწილებული 20 პოლიტიკურ პარტიაზე. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში 20 პოლიტიკური პარტია რეალურად არ არსებობს. ანუ არის დანაწევრებული ხელოვნურად პარტიების დაფინანსება და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მოგებული რჩებოდა მმართველი პარტია, რომელსაც  კერძო დაფინანსების მობილიზების მეტი რესურსი ჰქონდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, აღნიშნული ფორმულა არ არის სამართლიანი და შესაცვლელია.

„ეს ფორმულა არის შესაცვლელი და უნდა გადაისინჯოს იმგვარად, რომ გაიზარდოს ოპოზიციური პარტიების, რეალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყება.

„საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება შევიდეს საარჩევნო კოდექსში, საარჩევნო რეგულაციების დახვეწის მიზნით. ასევე, მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ცვლილებებზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში. უახლოეს დღეებში დაიწყება ფართო კონსულტაციები, პირველ რიგში, საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან. იმედი მაქვს, რომ საერთო კონსენსუსის საფუძველზე ჩამოყალიბდება პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი სავარაუდოდ ამ სესიის ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.