ლევან მურუსიძე - იუსტიციის საბჭო წარადგენს მოსამართლეობის ღირსეულ კანდიდატებს და საზოგადოება დაინახავს, რომ აჟიოტაჟი თითიდან არის გამოწოვილი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს მოსამართლეობის ღირსეულ კანდიდატებს და საზოგადოება დაინახავს, რომ აჟიოტაჟი თითიდან არის გამოწოვილი, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა პარლამენტში შეხვედრის დაწყებამდე, რომელზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით მსჯელობენ.
„პარლამენტამდე როდესაც მივა სიტუაცია, დარწმუნებული ვარ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს ღირსეულ კანდიდატებს. როდესაც კომიტეტში ღია განხილვები იქნება, ყველას ექნება საშუალება, რომ კანდიდატებს დაუსვას შეკითხვები. დარწმუნებული ვარ, ამ კანდიდატებში მოსამართლეებიც იქნებიან და ისინი გასცემენ ღირსეულ პასუხს, რასაც დაინახავს საზოგადოება, მიხვდება, რომ რეალურად, აჟიოტაჟი თითიდან არის გამოწოვილი.
რაღაც საკითხებზე იქნება თანხვედრა, რაღაც საკითხებზე – განსხვავება, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მოისმინოს პოზიციები და შემდგომ დეპუტატები მიიღებენ გადაწყვეტილებას.
საუბარი მიდის, რომ უნდა იყოს კრიტერიუმები, მაგრამ გუშინ ჩვენ რაზეც ვმსჯელობდით, რეალურად, საუბარი იყო პროცედურებზე. მე არ დამინახავს, რომ არასამთავრობო სექტორსაც რაიმე კრიტერიუმის დამატება სურდეთ. რეალურად, საუბრობენ ძირითადად პროცედურებზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, მაგრამ რეალურად, ვეთანხმები იმ კრიტერიუმების არსებობას, რაც არის საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.