ლევან მურუსიძე - იუსტიციის საბჭოს წევრი ანგარიშვალდებულია, არგუმენტაცია წამოადგინოს, მოსამართლეები არიან შეკრებილი, ნახირი ხომ არა
ელემენტარული ზრდილობაა, მოსამართლეს აუხსნა, რატომ არ ეთანხმები უვადოდ დანიშვნას. ნახირი ხომ არ არის შეკრებილი აქ, ესენი არიან მოსამართლეები, რომლებიც მართლმსაჯულებას ახორციელებენ, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეები იმსახურებდნენ, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს აეხსნათ, რატომ ეწინააღმდეგებიან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, რაზეც ჯანეზაშვილმა და დოლიძემ დუმილით უპასუხეს..
„სასამართლო კორპუსი მგონი, იმის ღირსი მაინც არის, რომ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი, არგუმენტები მაინც წარმოადგინონ და ელემენტარულად თქვან, რატომ უჭერენ მხარს ერთ პოზიციას და არ უჭერენ მეორეს. მოსამართლეთა კორპუსმა პატივისცემა გამოხატა და სთხოვა მათ, პოზიცია გამოეთქვათ, მათ კი დუმილი არჩიეს. შესაბამისად, რომელ ამხანაგურ სასამართლოზეა აქ საუბარი? მოსამართლეთა კორპუსი თვლის, რომ ისეთ საჭირბოროტო საკითხზე, როგორიც არის მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნა, ელემენტარული ზრდილობაა, მოსამართლეს აუხსნა, რატომ არ ეთანხმები ამას. მართლა ნახირი ხომ არ არის შეკრებილი აქ. ესენი არიან მოსამართლეები, რომლებიც მართლმსაჯულებას ახორციელებენ. შენ ხარ საბჭოს წევრი და ანგარიშვალდებული ხარ, შენი არგუმენტაცია წარმოადგინო. ამას ითხოვდა დღეს სასამართლო კორპუსი“, – აცხადებს ლევან მურუსიძე.