ლევან მახაშვილი – როდესაც ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესს იცავს და ბრიუსელი ამას ეწინააღმდეგება, ვფიქრობ, წევრი ქვეყნებისთვის ყველაფერი ნათელია

12:09, 30.09.2026

ვეტოს თემა ძალიან სერიოზული ინიციატივაა, თუ ოდესმე ძალაში შევიდა, წევრ სახელმწიფოებს ძალიან მნიშვნელოვანი უფლება წაერთმევათ, გამოიყენონ ვეტო იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ეროვნული ინტერესები საფრთხის ქვეშ დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ძნელად წარმომიდგენია, რომ ქვეყნები ამ უფლებას დათმობენ.

„თუმცა, თუ სხვადასხვა მიზეზით მაინც შეძლებენ ამ ქვეყნების დარწმუნებას, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ამით ევროკავშირის დასასრული დაიწყება იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ ევროკავშირს ვიცნობთ. ეს ხელს უშლის დიალოგს, თანამშრომლობას და ნებისმიერი ასეთი მცდელობა, რომელიც ისტორიის განმავლობაში იყო ევროკავშირში,  ისევ ევროკავშირის დაზიანებით დასრულდა. არ მგონია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს  ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება. როგორც ჩანს, ეს დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა მას შემდეგ, რაც კრიტიკულ მომენტებში ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ ხისტი ფორმითაც გამოხატა წინააღმდეგობა ზოგიერთი სრულიად არაჯანსაღი და არაპრაგმატული გადაწყვეტილებების გამო. ზოგიერთებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ ამის გამო სჯობს ბრიუსელში ძალაუფლების უფრო მეტი ცენტრალიზება, ვიდრე წევრ სახელმწიფოებთან მეტი დიალოგი და მათ ინტერესების მეტად გათვალისწინება. ეს არ არის სწორი მიმართულება, პირიქით, ნაცვლად ცენტრალიზების, ბრიუსელში ძალაუფლების გადატანის,  ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს, სხვა შემთხვევაში, ეს ევროკავშირის გაძლიერების ნაცვლად, აუცილებლად მოიტანს ევროკავშირის დაზიანებას და დასუსტებას. როდესაც წევრი სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესს იცავს, აქ საუბარია გამორჩეულად მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებზე და არა, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე. ბრიუსელი ამას თუ ეწინააღმდეგება ბრიუსელი, მგონი, წევრი ქვეყნებისთვის ყველაფერი ნათელია. როგორც ჩანს, ბრიუსელში არსებობს ინტერესები, არიან ადამიანები თუ ორგანიზაციები, რომელთა მთავარი ინტერესია მათთვის მეტი ძალაუფლების გადაცემა და არა წევრი სახელმწიფოების დედაქალაქების ინტერესების გათვალისწინება. ამიტომ, მათი პოზიცია  მკაფიო იქნება. რა თქმა უნდა, ისინი ამ უფლებას არ დათმობენ,  ამ უფლების შენარჩუნებისთვის მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებენ. ასე იყო აქამდე და დიდი ალბათობით, ასე იქნება  მომავალშიც. ოღონდ, თუ რაღაცა სხვადასხვა მიზნით თუ მიზეზით, წნეხის ქვეშ შეძლებენ ამ უფლების ჩამორთმევას, ეს ნამდვილად ხელს შეუწყობს ევროკავშირის დასასრულს“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას ცალკეული ქვეყნების ვეტოს გვერდის ავლის შესაძლებლობას განიხილავს.

მსგავსი