მედია – ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას ცალკეული ქვეყნების ვეტოს გვერდის ავლის შესაძლებლობას განიხილავს

14:48, 29.09.2026

ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას გეგმავს, რომლის მიზანიც წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენების თავიდან აცილებაა, – ამის შესახებ მედია ევროკავშირის შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უახლოეს დღეებში წარადგენს გეგმას, რომელიც ევროკავშირის 30-ზე მეტ წევრამდე გაფართოებისთვის მომზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა საჭირო არ იქნება.

მედია წერს, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ეს ევროკავშირის შიდა ფუნქციონირების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

როგორც მედია იუწყება, ევროკომისიის პროექტი გარდამავალი სამართლებრივი დებულებების გამოყენებას ითვალისწინებს. მათი მიზანია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ბევრ შუალედურ ეტაპზე 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობის მოთხოვნის გაუქმებაა.

ევროკომისია ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებულ უფრო მეტ საკითხზე დაინერგოს გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობით მიღების წესი, რაც ევროკავშირის 15 ქვეყნის თანხმობას გულისხმობს.

პროექტის თანახმად, კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეეხოს მათ შორის სანქციებს, ადამიანის უფლებებს, თავდაცვას და უსაფრთხოებას, ასევე გადასახადებისგან თავის არიდებას.

ცნობისთვის, გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმის დანერგვას ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა დასჭირდება. თუმცა, როგორც გამოცემა ვარაუდობს, გეგმას შესაძლოა, ევროკავშირის წევრი რიგი ქვეყნები არ დაეთანხმონ.

მსგავსი