ლევან მახაშვილი - ჯო უილსონის კომისიის მიერ დადგმული ცირკი საინტერესო არ არის, მიწვეული არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში პირდაპირ ხელს უწყობდნენ რევოლუციურ სცენარებს
ჯო უილსონის კომისიის მიერ დადგმული ცირკი საინტერესო არ არის. მიწვეული არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში პირდაპირ ხელს უწყობდნენ რევოლუციურ სცენარებს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ მოსმენასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ჯო უილსონის კომისიის მიერ დადგმული ცირკი, რაც მანამდეც გვინახავს. სავარაუდოდ, ახლაც ერთგვარი შაპიტო იქნება, სადაც მიწვეული არიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში პირდაპირ უწყობდნენ ხელს რევოლუციურ სცენარებს, საზოგადოებრივი შუღლისა და შფოთის გაღრმავებას. ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. ისინი არ არიან ის ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად აღელვებთ საქართველოს ბედი, რომლებსაც საქართველოს მომავალზე რაიმე სიტყვა ეთქმით. ამიტომ ჩვენთვის ჯო უილსონის ცირკი საინტერესო არ არის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მახაშვილს კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ჰელსინკის კომისიის განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „საქართველო ერთ დროს აშშ-ის ძირითადი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას აღრმავებს“.
მახაშვილის განცხადებით, ამ პრეტენზიების მიღმა პოლიტიკური ინტერესი და პოლიტიკური დღის წესრიგია.
„არავის საქმე არ არის, მით უმეტეს, ვიღაც ჯო უილსონის, საქართველო რა ნაბიჯებს გადადგამს და ვისთან ითანამშრომლებს. საქართველოს ხელისუფლება და ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რაც მის ინტერესებშია დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რათა შეინარჩუნოს სიმშვიდე, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური სიძლიერის დაგროვებაზე. ეს ჩვენი მთავარი ინტერესია. ამას ვინც შეეწინააღმდეგება, ფაქტობრივად, ტერიტორიული მთლიანობის და ეკინომიკური სიძლიერის მიზნებს ეწინააღმდეგება. აქამდეც იყო და მომავალშიც მოლოდინი გვაქვს, ბევრი შეეწინააღმდეგება სწორედ იმას, რომ ქვეყანა გაძლიერდეს შიგნით თუ გარეთ, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. პირნათლად შევასრულოთ ორი მთავარი ეროვნული ინტერესი, რასაც მოსახლეობას დავპირდით – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკის გაძლიერება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ჰელსინკის კომისიაში 10 სექტემბერს საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება, მოწმეებად მიწვეული არიან სალომე ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი და ლუკ კოფი.