ჰელსინკის კომისიაში 10 სექტემბერს საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება, მოწმეებად მიწვეული არიან სალომე ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი და ლუკ კოფი
ჰელსინკის კომისიაში 10 სექტემბერს საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება, მოწმეებად მიწვეული არიან სალომე ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი და ლუკ კოფი

ჰელსინკის კომისიაში 10 სექტემბერს მოსმენა გაიმართება სახელწოდებით „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

„საქართველო ერთ დროს აშშ-ის ძირითადი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დაასუსტა საქართველოს ინსტიტუტები და კიდევ უფრო შეარყია საქართველოს სუვერენიტეტი ჩინური ინვესტიციების მოზიდვით და, ამავდროულად, აშშ-ის ბიზნესისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ წიაღისეულ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დააპატიმრეს ოპოზიციის წევრები, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც ფართოდ განიხილება როგორც არალეგიტიმური. ეს მყისიერ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ინტერესებს რეგიონში“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

როგორც კომისია აღნიშნავს, მოსმენის დროს შეისწავლიან „საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადასვლის გლობალურ შედეგებს“. მოწმეები ასევე განიხილავენ აშშ-ის პოლიტიკის ვარიანტებს, „როგორიცაა ორპარტიული MEGOBARI აქტის მიღება საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად, როდესაც ისინი ცდილობენ, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა“.

ამასთან, ჰელსინკის კომისია ავრცელებს სხდომაზე მოწმის სტატუსით მიწვეულთა ჩამონათვალს: „პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი“.