ლევან მახაშვილი - დიდი იმედი გვაქვს, უკრაინის ელჩი იმ მტრულ პოლიტიკას არ გააგრძელებს, რაც მის ხელისუფლებას საქართველოში ჰქონდა
ლევან მახაშვილი - დიდი იმედი გვაქვს, უკრაინის ელჩი იმ მტრულ პოლიტიკას არ გააგრძელებს, რაც მის ხელისუფლებას საქართველოში ჰქონდა

იმედია, უკრაინის ელჩის დანიშვნა მათი პოლიტიკის გადააზრება იქნება, რომ მცდარი იყო და აუცილებელია საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

ლევან მახაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის ახალი ელჩი იმ მტრულ პოლიტიკას არ გააგრძელებს, რაც მის ხელისუფლებას საქართველოში ჰქონდა.

„პირველ რიგში, უკრაინის ახალი ელჩის ჩამოსვლას უნდა დაველოდოთ. კერძოდ, იმას თუ რა ნაბიჯებს გადადგამს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. დიდი იმედი გვაქვს, ის იმ მტრულ პოლიტიკას არ გააგრძელებს, რაც მის ხელისუფლებას საქართველოში ჰქონდა, რა მიზნითაც წინა ელჩი გაიწვიეს, როგორ ცდილობდნენ ურთიერთობების დაძაბვას და რუსეთის თამაშებში ქვეყნის შეთრევას. იმედია, ეს პროცესები ასე არ იქნება. იმედია, ელჩის დანიშვნა მათი პოლიტიკის გადააზრება იქნება, რომ მათი პოლიტიკა მცდარი იყო და საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებაა აუცილებელი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.

უკრაინამ საქართველოდან ელჩი 2022 წლის პირველ მარტს გაიწვია. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

„დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეებისთვის ხელის შეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.