ლევან მახაშვილი - ცუდ ტენდენციას ვხედავთ, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში საქართველო შეითრიონ და კიდევ ერთ საჯილდაო ქვად გახადონ
ცუდ ტენდენციას ვხედავთ, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში საქართველო შეითრიონ და კიდევ ერთ საჯილდაო ქვად გახადონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
ლევან მახაშვილის თქმით, ამის მცდელობა იყო ამერიკა-რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში და ასევე ირანის მიმართულებითაც, რომ საქართველოს საკითხი იქაც ჩაესვათ.
„ეს არ არის რეალური პრობლემა, შეკვეთილი პროცესია, რომლის უკან ფინანსური ინტერესები დგას, ეს პროცესიც ამის შესაბამისად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, მცდელობაა, რომ ამერიკულ ისტებლიშმენტში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია ნეგატიური მიმართულებით მოახდინონ. იქ ჩინეთის, ირანის და რუსეთის საკითხები მგრძნობიარეა. ამიტომ საქართველოს საკითხს „ტენიან“ და ძაფების არასწორი გაბმა ხდება, რათა ადამიანების შეცდომაში შეყვანა მოხდეს. ცუდ ტენდენციას ვხედავთ, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში საქართველო შეითრიონ და კიდევ ერთ საჯილდაო ქვად გახადონ. ამის მცდელობა იყო ამერიკა-რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში და ასევე ირანის მიმართულებითაც, რომ საქართველოს საკითხი იქაც ჩაესვათ. ამ ადამიანებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ, რომ საქართველო მიზეზი თუ საბაბი გახდეს დიდი დაპირისპირების. ვინმე თუ ხელს უწყობს, რომ საქართველოს საკითხი დიდი დაპირისპირებების საბაბი იყოს, ყოფილი პრეზიდენტი და ერთ-ერთი სეპარატისტული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თავდაცვის ყოფილი მინისტრია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ჩვენი დროის „გმირები“ ვინ არიან. დიდი ალბათობით, ეს პროცესი ფინანსური ინტერესით ხდება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ჰელსინკის კომისიაში 10 სექტემბერს საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება, სადაც მოწმეებად მიწვეული არიან სალომე ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი და ლუკ კოფი.
„საქართველო ერთ დროს აშშ-ის ძირითადი პარტნიორი და კავკასიაში თავისუფლების შუქურა იყო. დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობას აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დაასუსტა საქართველოს ინსტიტუტები და კიდევ უფრო შეარყია საქართველოს სუვერენიტეტი ჩინური ინვესტიციების მოზიდვით და, ამავდროულად, აშშ-ის ბიზნესისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ წიაღისეულ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დააპატიმრეს ოპოზიციის წევრები, გამოიყენეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც ფართოდ განიხილება, როგორც არალეგიტიმური. ეს მყისიერ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ინტერესებს რეგიონში“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის მიერ 3 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.