ლევან მახაშვილი - ბრიუსელმა საბოლოოდ ჩამოიხსნა დემოკრატიულობის ნიღაბი, გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მიზანია არა მედიის დაცვა, არამედ შეზღუდვა და არასასურველი ხმების ჩახშობა
ბრიუსელმა დემოკრატიულობის ნიღაბი ჩამოიხსნა და გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მიზანი არის არა მედიის დაცვა, არამედ მედიის შეზღუდვა და არასასურველი ხმების ჩახშობა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის მიერ ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივისთვის“ აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
„ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა, ბრიუსელმა საბოლოოდ ჩამოიხსნა თავისი დემოკრატიულობის ნიღაბი. რეალურად, გამოჩნდა, რომ ფარსი ყოფილა მოწოდებები და რეზოლუციებში ჩანაწერები დემოკრატიის, მედიაპლურალიზმისა და მედიათავისუფლების დაცვაზე. აღმოჩნდა, რომ საუკეთესო ევროპული სტანდარტი არის არა მედიათავისუფლება და მედიისთვის მაქსიმალური შესაძლებლობის მიცემა, არამედ პირიქით, მედიის შეზღუდვა, არასასურველი ხმების გაჩუმება და გარიყვა. ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ორმაგ სტანდარტზე, რომელიც ბრიუსელს ჰქონდა და აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არანაირი მედიაწესი არ უნდა არსებობდეს, და ესა თუ ის მედია ზღვარგადასულ დეზინფორმაციას ავრცელებდეს. მათ არ უნდა გაეკარო და ამ პროცესში არც კი უნდა ამხილო, სანაცვლოდ, როდესაც ელემენტარულ ინტერვიუს მოთხოვნასა და ჩაწერაზეა საუბარი, თურმე ამის გამო მედიას ერთი წლით უნდა შეუზღუდო აკრედიტაცია. ამ კონკრეტული გადაწყვეტილებით, ბრიუსელმა თავისი დემოკრატიულობის ნიღაბი ჩამოიხსნა და გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მიზანი არის არა მედიის დაცვა, არამედ მედიის შეზღუდვა და არასასურველი ხმების ჩახშობა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მახაშვილს კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტის წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების დასანქცირებას ითხოვენ.
მახაშვილის შეფასებით, ბრიუსელის წარმომადგენლები ცდილობენ, სხვადასხვა ფორმით შეზღუდონ მედიები, რომლებიც რეალობაზე საუბრობენ.
„ესეც სწორედ ამ გასული თვეების ძალისხმევის გაგრძელებაა, რომლის მიზანია, შეზღუდონ და მაქსიმალური პრობლემები შეუქმნან მედიებს, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოებას სიმართლე მიაწოდონ. ზოგისთვის ეს სიმართლე, შეიძლება, არასასურველი, მიუღებელია და არ მოსწონთ, მაგრამ რეალობაა. ეს მედიები რეალობაზე როდესაც საუბრობენ, ბრიუსელის წარმომადგენლები ცდილობენ, სხვადასხვა ფორმით შეზღუდონ. ზოგან სავიზო ინსტრუმენტებით, ზოგან აკრედიტაციის, ზოგან პირდაპირ რეზოლუციებითა და მოწოდებებით, რათა მათი დასანქცირება მოხდეს. საბოლოო ჯამში, ეს უფრო მეტს მეტყველებს მათზე, თუ რა არის რეალური ზრახვები, მიზნები, ვიდრე რომელიმე ქართულ მედიაზე“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა ტელეკომპანიას საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა. პოლონელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას განცხადებით კი, ევროპარლამენტში შესვლა აუკრძალეს „იმედს“, რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“.