ლევან მაჭავარიანი – ყველაზე კარგად ქართველები არიან ინფორმირებული, რომ საქართველოში არ ხდება ადამიანების ჩაგვრა, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან, როცა ადამიანის უფლება ყველანაირად იყო შელახული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოსთან დაკავშირებით საკუთარი განცხადებების ირგვლივ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე ვერ საუბრობენ.
მაჭავარიანის თქმით, საქართველოში ყველაზე კარგად მოქალაქეები გრძნობენ, როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები.
ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა გაერო-ში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებას, რომ „მოუწოდებენ საქართველოს, გააუქმოს ან არსებითად გადასინჯოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა“. განცხადებაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ „ევროკავშირი გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორთა დაკავებას“.
„ეს ბატონი აგრძელებს იმავე ნარატივს, რაც დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც დაიწყო უკრაინაში რუსეთის აგრესია, „დემოკრატიის უკუსვლა“ და ასე შემდეგ. ფაქტებსა და მტკიცებულებებზე როცა მიდგება ხოლმე საუბარი, ისინი ვერაფერზე ვეღარ აგრძელებენ საუბარს. ზოგადად, საქართველოში ყველაზე კარგად ჩვენი მოქალაქეები გრძნობენ, რეალურად როგორ არის ადამიანის უფლებები დაცული. ყველაზე კარგად ისევ ქართველები არიან ინფორმირებული იმაზე, რომ საქართველოში არ მიდის ადამიანების ჩაგვრა, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან, როდესაც ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში ყველანაირად შელახული იყო“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.