ლევან მაჭავარიანი - ევროპაში რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც ატარებს ეროვნულ ინტერესებს, ევროპაში რომ რეალური პრობლემებია, ეს მხოლოდ ფიცოს შეფასება არ არის, ამაზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც საუბრობს
ლევან მაჭავარიანი - ევროპაში რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც ატარებს ეროვნულ ინტერესებს, ევროპაში რომ რეალური პრობლემებია, ეს მხოლოდ ფიცოს შეფასება არ არის, ამაზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც საუბრობს

სამწუხაროდ, ევროპაში რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც თავის სუვერენიტეტს იცავს და ეროვნულ ინტერესებს ატარებს. ფიცოს ინტერვიუ რომ გავიხსენოთ, სლოვაკეთი საქართველოთი რომ შეგეცვალათ, იფიქრებდით, რომ საქართველოზე საუბრობდა. ევროპაში მართლაც რეალური პრობლემებია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ლევან მაჭავარიანის თქმით, ეს მხოლოდ ფიცოს შეფასება არ არის, ამაზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც საუბრობს.

„გაიხსენეთ, ცოტა ხნის წინ საფრანგეთში რა მოხდა, როცა მარინ ლე პენს საქმიანობა აუკრძალეს, რომელიც საპრეზიდენტო მარათონში მაკრონის მთავარი კონკურენტი იქნებოდა. რუმინეთში განვითარებული მოვლენები გაიხსენეთ, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი ტურის შედეგები გააუქმებინეს, რადგან პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი ბრიუსელს არ აწყობდა. ამ მოსამართლეების ნაწილი სოროსის ფონდში მაღალ პოზიციებზე საუბრობდნენ. ანალოგიურ მოვლენებს სერბეთში, უნგრეთში ვხედავდით. სხვათა შორის, თურქეთში აქციები ანალოგიური სცენარით ვითარდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთისა და იმავე ძალების ხელწერაა – „დიფ სთეითის“. მათ ხელისუფლებაში ისეთი ლიდერების ყოფნა არ აწყობთ, რომლებიც მათ გლობალისტურ ზრახვებს ეწინააღმდეგებიან. ასევე, ვინც უკრაინაში ომს ეწინააღმდეგება და ქვეყნის ინტერესებს იცავს, ვისაც მშვიდობა უნდა და არა – არალეგალური მიგრაცია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში დაწერა: „კალასის გაფრთხილება ადასტურებს, რომ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირში დემოკრატიის არსის განხილვა იმის შესახებ, რაც მოხდა რუმინეთსა და საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დასავლეთის მიერ საქართველოსა და სერბეთში ორგანიზებულ „მაიდნებთან“ დაკავშირებით“.

ფიცო გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ 9 მაისის აღლუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „9 მაისის აღლუმში ან საზეიმო ღონისძიებაში ნებისმიერი სახის მონაწილეობა არ იქნება მსუბუქად აღქმული ევროპული მხარის მიერ“. როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „კალასისგან გაფრთხილება და მუქარა უპატივცემულობაა“. მისივე თქმით, სუვერენული ქვეყნის ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრია და არავის შეუძლია, უკარნახოს, სად შეუძლია წასვლა და სად – არა.